ემზარ კვიციანი:    სიკვდილამდე ერთი საათით ადრე ბესო ხარძიანს შევხვდი

ემზარ კვიციანი: სიკვდილამდე ერთი საათით ადრე ბესო ხარძიანს შევხვდი

ემზარ კვიციანის განცხადებით, სიკვდილამდე დაახლოებით ერთი საათით ადრე მას და ბესიკ ხარძიანს შეხვედრა ჰქონდათ. ამის შესახებ ემზარ კვიციანმა დღეს რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან ჟურნალისტებს განუცხადა.

ემზარ კვიციანი მომხდარს ვერაფერს ვერ უკავშირებს და აცხადებს, რომ სიკვდილამდე ერთი საათით ადრე ისინი ერთად იყვნენ.

"დამიძახა, რაღაც გეგმები ჰქონდა", - აღნიშნა კვიციანმა. მისივე თქმით, შეხვედრა სასტუმრო "საქართველოში" შედგა. კვიციანის თქმით, იგი ხარძიანს დაახლოებით 12.30 საათის შემდეგ შეხვდა. მისივე თქმით, ხარძიანი სასამართლო პროცესის შესახებაც საუბრობდა.

"მას სასამართლო გადაუდეს 13 მაისისთვის და ეს ფაქტი კარგად არ ენიშნა. რატომ გადაუდეს, ვერაფერს ვერ უკავშირებდა. მაგრამ აცხადებდა, რომ ამ პროცესს იგი მოიგებდა", - აღნიშნა კვიციანმა.

მისივე თქმით, ხარძიანის სამომავლო გეგმები იყო, რომ ერთად გაეძლიერებინათ საზოგადოებრივი საქმიანობა, კერძოდ, ერთად ყოფილიყვნენ "პატრიოტთა ალიანსში".

კვიციანის განცხადებით, ხარძიანი, როგორც ბიზნესმენი, "პატრიოტთა ალიანსის" მხარდაჭერაზე საუბრობდა.