ევროკავშირის შეფასებით, მოსამართლეებისთვის სამწლიანი გამოსაცდელი პერიოდის არსებობა პრობლემას წარმოადგენს

ევროკავშირის შეფასებით, მოსამართლეებისთვის სამწლიანი გამოსაცდელი პერიოდის არსებობა პრობლემას წარმოადგენს

ევროკავშირის შეფასებით, მოსამართლეებისთვის სამწლიანი გამოსაცდელი პერიოდის არსებობა პრობლემას წარმოადგენს, - ამის შესახებ ნათქვამია საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლობის ანგარიშში, რომელიც ეხება 2014 წელს ევროპის სამეზობლო პოლიტიკის განხორციელებას საქართველოში. დოკუმენტში შეფასებულია ასოცირების დღის წესრიგის შესრულების დინამიკა 2014 წელს. 

"საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების შედეგად მოსამართლეებს მიეცათ შესაძლებლობა, იყვნენ უფრო მეტად დამოუკიდებლები, თუმცა პრობლემას წარმოადგენს მოსამართლეებისთვის სამწლიანი გამოსაცდელი პერიოდის არსებობა მათ უვადოდ დანიშვნამდე. ზოგადად სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას არამყარი ხასიათი აქვს. საქართველომ გარკვეულ წინსვლას მიაღწია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში. დამტკიცდა ადამიანის უფლებათა საკითხებში ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. გაუმჯობესება შეინიშნება ციხეების სისტემაში და ბავშვთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით. მიღებულია ანტიდისკრიმინაციული კანონი. კვლავ იდგა სამართალდამცველი ორგანოების მხრიდან ჩადენილი ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე ანგარიშვალდებულების ნაკლებობის საკითხი. ზოგადად უმცირესობათა უფლებების საკითხი მნიშვნელოვნად არ გაუმჯობესებულა. განსახორციელებელია სახელმწიფოს მართვის სფეროში სერიოზული რეფორმები, მათ შორის პოლიტიკური პარტიების დაფინანსების სისტემის რეფორმა. გრძელდებოდა სამოქალაქო საზოგადოების დიალოგი პარლამენტთან, ხელისუფლებასთან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციათა დიალოგის შესაძლებლობა შეიზღუდა", - ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ შესამჩნევი პროგრესია მიღწეული სავიზო რეჟიმის ლიბერალიზებასთან დაკავშირებულ დიალოგში და სავიზო რეჟიმის გამარტივებისა და რეადმისიის ხელშეკრულებათა განხორციელებაში. წამოწყებულია ვიზების ლიბერალიზების პროცესის განხორციელების მეორე ფაზა.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ მთლიანობაში საქართველომ წინსვლას მიაღწია ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის და ასოცირების დღის წესრიგის განხორციელებაში, განსაკუთრებული მიღწევები აღინიშნა ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების სფეროში და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზების პროცესში. ევროკავშირი მიერსალმება ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებას.