ევროკავშირი ქართულ მხარეს მოუწოდებს, პოლიტიკური ნიშნით სამაგიეროს გადახდას ერიდოს

ევროკავშირი ქართულ მხარეს მოუწოდებს, პოლიტიკური ნიშნით სამაგიეროს გადახდას ერიდოს

ევროკავშირი ქართულ მხარეს მოუწოდებს, პოლიტიკური ნიშნით სამაგიეროს გადახდას ერიდოს, - ამის შესახებ ნათქვამია საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლობის ანგარიშში, რომელიც საქართველოში 2014 წელს ევროპის სამეზობლო პოლიტიკის განხორციელებას ეხება. დოკუმენტში შეფასებულია ასოცირების დღის წესრიგის შესრულების დინამიკა 2014 წელს. ანგარიში მედიას დღეს ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა გააცნო.

"სასურველია, რომ მომავალ წელს საქართველომ ყურადღება გაამახვილოს შემდეგ საკითხებზე: უზრუნველყოს აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებებს შორის ძალაუფლების ადეკვატური განაწილება და კონტროლისა და ბალანსის მექანიზმები საკონსტიტუციო რეფორმის კონტექსტში; გააუმჯობესოს პოლიტიკური კლიმატი - ერიდოს სამაგიეროს გადახდას პოლიტიკური ნიშნით, კონფრონტაციას და პოლარიზებას და უზრუნველყოს სივრცე ოპოზიციისთვის და პარტიებს შორის დიალოგისთვის, რაც მიზნად ისახავს დემოკრატიის განმტკიცებას და ისეთ პრიორიტეტებზე კონცენტრირებას, როგორებიც არის ეკონომიკური განვითარება და გადაუდებელი სოციალური პრობლემები", - ნათქვამია ევროკავშირის ანგარიშში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირებას საჭიროებს სისხლის სამართლის პოლიტიკისა და პრაქტიკის ევროპის საბჭოს სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის გზით.

"სისხლისსამართლებრივი გამოძიება და დევნა უნდა წარიმართოს გამჭვირვალედ და მიუკერძოებლად და იყოს პოლიტიკური მოტივაციისგან თავისუფალი და ითვალისწინებდეს ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის რეკომენდაციებს ამ თვალსაზრისით. სასურველია, საქართველომ უზრუნველყოს პროკურატურის რეფორმის დასრულება, ასევე პროკურატურის დამოუკიდებლობა პოლიტიკური ზეწოლისაგან და მისი ანგარიშვალდებულება საზოგადოების წინაშე; უზრუნველყოს, რომ წინასწარი პატიმრობა აღკვეთის ზომად, კანონის შესაბამისად, მხოლოდ გამონაკლისი ზომის სახით იქნეს გამოყენებული, რათა, სხვა პრინციპებთან ერთად, დაცული იყოს უდანაშაულობის პრეზუმპცია; გადასინჯოს ადმინისტრაციული პატიმრობის მარეგულირებელი წესები სამართლიანი სასამართლოს ნორმებთან შესაბამისად; გაზარდოს სამართალდამცველი სტრუქტურების ანგარიშვალდებულების და მათზე დემოკრატიული ზედამხედველობის ხარისხი; დანერგოს დავების განხილვის დამოუკიდებელი და ეფექტიანი მექანიზმი და გამოიძიოს ქონების უფლების დარღვევასთან, წამებასა და ცუდად მოპყრობასთან, ასევე საპროცესო გარიგებების სისტემის არასათანადო გამოყენებასთან დაკავშირებული საჩივრები; გამოიძიოს სამართალდარღვევები, განსაკუთრებით სამართალდამცველი ორგანოების თანამშრომელთა მიერ ჩადენილი სამართალდარღვევები", - ნათქვამია ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის ანგარიშში.