იანოშ ჰერმანი:   ამ ეტაპზე რიგის სამიტთან დაკავშირებული მზა დოკუმენტი არ არსებობს

იანოშ ჰერმანი: ამ ეტაპზე რიგის სამიტთან დაკავშირებული მზა დოკუმენტი არ არსებობს

ამ ეტაპზე რიგის სამიტთან დაკავშირებული რაიმე მზა დოკუმენტი არ არსებობს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა იანოშ ჰერმანმა პოლონური რადიოს მიერ გამოქვეყნებული რიგის სამიტის დეკლარაციის პროექტის კომენტირებისას განუცხადა.

ჰერმანის თქმით, გაჟონილ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება გაუჭირდება. "ამ ეტაპზე არ არსებობს მზა დოკუმენტი დაკავშირებული რიგის სამიტთან. მთავარი დოკუმენტი არის კომუნიკე, რომელზეც ვმუშაობთ და აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყანას საშუალება ექნება მონაწილეობა მიიღონ ამ ანგარიშის მომზადებაში. არის სხვადასხვა იდეა შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია ის, რომ მოხდეს მიდგომების დიფერენციაცია ამ ექვს ქვეყანასთან მიმართებაში. პარალელურად არსებობს დიდი ინტერესი, რომ ექვსივე ქვეყანა რაიმე ერთობლივ ფორმატში შენარჩუნდეს. არის მესამე ტიპის მიდგომაც, რომ პრიორიტეტები ცალკეულ ქვეყნებზე იყოს მორგებული", - განაცხადა იანოშ ჰერმანმა.

ელჩის თქმით, მან არ იცის რიგის სამიტზე შესაბამისი პაკეტები კონკრეტული ქვეყნისთვის მომზადდება თუ ეს იქნება თემატური დოკუმენტი, თუმცა, აცხადებს, რომ პაკეტები იქნება.

პოლონურმა რადიომ გამოაქვეყნა რიგის სამიტის დეკლარაციის პროექტი, რომელიც მან მოიპოვა. დეკლარაციის პროექტში საუბარი არ არის საქართველოსა და უკრაინისთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებაზე და მათი ევროპული პერსპექტივის აღიარებაზე.

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი რიგაში მიმდინარე წლის მაისში გაიმართება.