ექსპერტ ავთანდილ გუნთაიშვილის მიერ მომზადებული დასკვნა ე.წ. კაბელების საქმეს ერთი ხელის მოსმით ანგრევს

ექსპერტ ავთანდილ გუნთაიშვილის მიერ მომზადებული დასკვნა ე.წ. კაბელების საქმეს ერთი ხელის მოსმით ანგრევს

დასკვნა, რომელიც ე.წ. კაბელების საქმეზე ექსპერტმა ავთანდილ გუნთაიშვილმა მოამზადა, ერთი ხელის მოსმით ანგრევს აღნიშნულ საქმეს , - ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა ალექსი პეტრიაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ექსპერტ ავთანდილ გუნთაიშვილს ფინანსურ მხარეზე ექსპერტიზის ჩატარება ევალებოდა. პეტრიაშვილის ინფორმაციით, ავთანდილ გუნთაიშვილმა თავად მიაწოდა ინფორმაცია ე.წ. კაბელების საქმის ადვოკატებს მასზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ. მისივე თქმით, ექსპერტიზას ფინანსურ და ტექნიკურ ნაწილზე ატარებდა ექსპერტიზის ბიურო "ვექტორის" ორი ექსპერტი, ავთანდილ გუნთაიშვილი და იური მოდებაძე.

პეტრიაშვილის განცხადებით, დასკვნაზე ხელის მოწერა მხოლოდ იური მოდებაძემ მოახერხა, ავთანდილ გუნთაიშვილს კი მასზე განხორციელებული ზეწოლის შემდეგ ამის საშუალებას პროკურატურა არ აძლევს.

"ამ ექსპერტმა მიმართა ექსპერტიზის ბიუროს, რომ 12 მარტიდან დაკავდა საჯარო სამსახურში და აღარ აქვს უფლება, ხელი მოაწეროს დასკვნას. რატომ არ შეატყობინა 12 მარტამდე ბიუროს და ადვოკატებს ექსპერტმა?! ის, რომ ამ საჯარო სამსახურში საქმდებოდა, მიუთითებს იმაზე, რომ იგი ზეწოლის შედეგად მოქმედებს. სახეზეა პირდაპირ განხორციელებული ფსიქოლოგიური შეტევა და ზეწოლა ამ ადამიანზე", - აღნიშნა პეტრიაშვილმა.

მისი თქმით, პროკურატურა ხელმოცარულია ე.წ. კაბელების საქმეში და მსგავსი მეთოდებით ცდილობს საქმის ჩამოშლას ხელი შეუშალოს. ე.წ. კაბელების საქმეზე წინასასამართლო სხდომა ჩანიშნულია პირველ აპრილს და როგორც პეტრიაშვილი აცხადებს, პროკურატურა მანამდე ცდილობს დაცვის მხარეს საკუთარი არგუმენტები და მტკიცებულებები შეუსუსტოს.

"ავთნდილ გუნთაიშვილი ამჟამად იმყოფება ძლიერი ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ და რაც ყველაზე სახიფათოა, იგი ჰყავთ 24 საათიანი ზედამხედველობის ქვეშ სამართალდამცველებს. წუხელ ღამით იგი ჰყავდათ უკანონო პატიმრობაში და მისგან ითხოვდნენ, ხელი არ მოეწერა ექსპერტიზის დასკვნისთვის", - განაცხადა პეტრიაშვილმა.