2013-2015 წლებში სტატუსი 1488 დევნილს შეუჩერდა

2013-2015 წლებში სტატუსი 1488 დევნილს შეუჩერდა

2013-2015 წლებში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ პროკურატურაში 1488 დევნილის საქმე გადააგზავნა.

აქედან, 509 დევნილმა ისარგებლა  „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონით, რომელიც ძალაში 2013 წლის 25 დეკემბერს შევიდა და  2014 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით მოქმედებდა. კანონის თანახმად, პირებს, რომლებმაც  იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობა გააყალბეს  (სახელისა და გვარის  გაყალბება,  დევნილის მოწმობაში  ფოტოსურათის შეცვლა, ერთ დევნილზე ორი ან მეტი  დევნილის მოწმობის არსებობა და ა.შ.) და აღნიშნულის თაობაზე მიმართეს კანონით გათვალისწინებულ დაწესებულებებს ეპატიათ აღნიშნული დანაშაული და შეუნარჩუნდათ მიღებული ფინანსური სარგებელი.   ამნისტია არ შეეხო იმ პირებს, რომლებსაც სახელმწიფოსგან  მიღებული აქვთ საცხოვრებელი ფართი ან ფართის ეკვივალენტური ფულადი კომპენსაცია.

2013 წელს დევნილთა სავალდებულო რეგისტრაციის პროცესში აღმოჩენილი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების შემცველი  ინფორმაციის საფუძველზე სამინისტრომ პროკურატურაში გადააგზავნა 229 დევნილის საქმე.

დევნილის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოებისას შესწავლილ მასალებსა და დოკუმენტაციაში აღმოჩენილი დარღვევების საფუძველზე,  სტატუსი შეუჩერდა 750 დევნილს.