პარლამენტი ნატო-ს დელეგაციას მასპინძლობს

პარლამენტი ნატო-ს დელეგაციას მასპინძლობს

საქართველოს პარლამენტი ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ეკონომიკისა და უსაფრთხოების კომიტეტის, ტრანსფორმაციისა და განვითარების ქვეკომიტეტის დელეგაციას და საქართველო-ნატო-ს საპარლამენტთაშორისო საბჭოს წევრებს მასპინძლობს. უცხოელმა სტუმრებმა საკანონმდებლო ორგანოში სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებთან რამდენიმე შეხვედრა გამართეს.

საქართველოს წვლილი რეგიონალურ სტაბილურობაში, შიდა რეფორმები და ევროკავშირთან ურთიერთობები განიხილეს ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის წარმომადგენლებსა და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის წევრებს შორის გამართულ შეხვედრისას. მხარეებმა იმ საერთო ინტერესებზე და ღირებულებებზე ისაუბრეს, რომელიც როგორც ნატოსთვის ასევე საქართველოსთვის მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მიმართულებებს. აღინიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას ევროსტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის დაჩქარება და დემოკრატიული ფასეულობების დამკვიდრება წარმოადგენს.

"ჯეიმს აპატურაიმ თავის დროზე თქვა – "მეტი საქართველო ნატო-ში და მეტი ნატო საქართველოში". ეს ის შემთხვევაა, როდესაც მეტი ნატო არის საქართველოში. საქართველოს და ნატო-ს საერთო მიზნები გვაქვს, ამიტომ ის დისკუსია, ის მსჯელობა, რაც იმართება ამ ფორმატში, არა რომელიმე მხარის ცალმხრივ ინტერესს, არამედ ორივეს ინტერესს ემსახურება", - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, ირაკლი სესიაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, შეხვედრაზე უცხოელი სტუმრები ე.წ. პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების საკითხითაც დაინტერესდნენ, რაზეც მათ განემარტათ, რომ პროკურატურაში შექმნილმა საკონსულტაციო ჯგუფმა სპეციალური დასკვნა მოამზადა, სადაც გაცხადებულია, რომ საქართველოს პროკურატურას საკმარისი მტკიცებულებები აქვს, რათა გააგრძელოს საქმის წარმოება და გამოძიება ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ.

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციასთან შეხვედრა საპარლამენტო უმცირესობამ ქვეყნის ხელისუფლების და მმართველი პოლიტიკური გუნდის კრიტიკას დაუთმო. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ უმცირესობის წევრმა, გიორგი კანდელაკმა აღნიშნა, ნატოელ სტუმრებთან განხილვის თემას წარმოადგენდა როგორც საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის არსებული მდგომარეობა, ასევე ის დამოკიდებულება და განცხადებები, რასაც მმართველი კოალიციის ლიდერები პრორუსული მიმართულებით გამოთქვამენ.

ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები, მედიის და სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის ხარისხი და ევროპული კანონმდებლობის ჰარმონიზაციის პროცესი განიხილეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრებსა და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის შეხვედრისას. შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიისთვის გაკეთებული კომენტარისას, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ აღნიშნა, რომ უმრავლესობამ ნატო-ს დელეგაციასთან შეხვედრა ინფორმაციის მიწოდებისთვის გამოიყენა.

"ჩვენ ვისაუბრეთ ევროატლანტიკურ სივრცეში საქართველოს სვლის პროცესში რა მნიშვნელოვანი რეფორმები გატარდა, ეს ეხება დემოკრატიის, ადამიანის უფლებების დაცვის ახალ სტანდარტებს, მედიის თავისუფლებას და ბოლო ორ დემოკრატიულად ჩატარებულ არჩევნებს. ვისაუბრეთ საქართველოს დამოუკიდებლობაზე, სისტემის რეფორმირებაზე, რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებულებას შეეხო. ასევე იმ საქმეების გამოძიების პროცესზე, რომლის გამოძიებას წლების განმავლობაში გვთხოვდა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი თავისი ანგარიშებით და ევროპული სტრუქტურები თავისი მოწოდებებით. ვფიქრობ, რომ დელეგაციის წევრებს სრულყოფილი ინფორმაცია მიეწოდა იმისთვის, რომ მათ რეალურად ჰქონდეთ წარმოდგენა, რამდენად დიდი განსხვავებაა იმ ვითარებებს შორის, რომელიც იყო 2012 წლამდე და რაც გვაქვს დღეს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ნატო-ს საპარლამენტო დელეგაციის წევრები საკანონმდებლო ორგანოში დღევანდელ ვიზიტს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან შეხვედრით დაასრულებენ.