არჩილ გეგეშიძე ჯოზეფ ბაიდენს შეხვდა

არჩილ გეგეშიძე ჯოზეფ ბაიდენს შეხვდა

აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, არჩილ გეგეშიძე ებრაელთა მსოფლიო კონგრესის აღმასრულებელ კომიტეტის ღონისძიებას დაესწრო.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ვაშინგტონში გამართული სხდომის აღმნიშვნელ საზეიმო მიღებას ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი ესწრებოდა. ღონისძიების ფარგლებში შედგა ვიცე-პრეზიდენტისა და საქართველოს ელჩის შეხვედრა.

არჩილ გეგეშიძემ საქართველოს მთავრობის სახელით მადლობა გადაუხადა ჯოზეფ ბაიდენს იმ დახმარებისათვის, რასაც აშშ-ის მთავრობა და ხალხი მთელი წლების განმავლობაში უწევს საქართველოს.

საგარეო უწყების ცნობით, ელჩმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ვიცე-პრეზიდენტი ბაიდენი ყოველთვის სასურველი სტუმარია ჩვენს ქვეყანაში და მისთვის ნებისმიერ ხელსაყრელ დროს სტუმრობა დიდი პატივი იქნებოდა ყველა ქართველისთვის.

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აშშ-ის მთავრობა ბევრს მუშაობს რათა დაეხმაროს საქართველოსა და რეგიონის სხვა ქვეყნებს უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის უზრუნველყოფაში.

საგარეო უწყების ცნობით, ბაიდენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ამერიკის მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, ისევე როგორც ვაშინგტონის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.