მსხვილი კომპანიების შემდეგ საგადასახადო შემოწმებების გახშირებას მცირე მეწარმეები აპროტესტებენ

მსხვილი კომპანიების შემდეგ საგადასახადო შემოწმებების გახშირებას მცირე მეწარმეები აპროტესტებენ

მსხვილი კომპანიების შემდეგ შემოსავლების სამსახურის მხრიდან გახშირებულ შემოწმებებზე მცირე სავაჭრო ობიექტებიც საუბრობენ. „კომერსანტთან“ საუბარში თბილისის სხვადასხვა უბანში მდებარე, „არაბრნდირებული“ მაღაზიების წარმომადგენლების თქმით, ბოლო თვეების განმავლობაში საგადასახადო სამსახურის ე.წ. „მისტიური მყიდველები", რომლებიც საკონტროლო შესყიდვებს ახორციელებენ, თითქმის ყოველ კვირაში დადიან და აკონტროლებენ ვაჭრობის პროცესს.

მათივე თქმით, თავად საგადასახადოს თანამშრომლები აცხადებენ, რომ შემოწმებები უფრო გახშირდება, თუმცა კონკრეტულ მიზეზებს არ ასახელებენ.

რამდენიმე დღის წინ „კომერსანტის" ეთერში ბიზნეს ასოციაციის საბაჟო-საგადასახადო კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ლალაზაშვილმა განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში საგადასახადოს მხრიდან კომპანიების შემოწმებები გახშირებულია. მისივე თქმით, არსებული საგადასახადო შემოწმების მეთოდოლოგია შესაცვლელია. შემოსავლების სამსახურიდან გახშირებულ შემოწმებებთან დაკავშირებით „კომერსანტი“ განმარტებებს ელოდება და მათ მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.