ვიზალიბერალიზაციის პროცესის დაჩქარების აუცილებლობაზე სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე სტატიას აქვეყნებს

ვიზალიბერალიზაციის პროცესის დაჩქარების აუცილებლობაზე სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე სტატიას აქვეყნებს

უპირველესი და დაუყოვნებლივი პასუხი ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიის ანექსიის შესახებ რუსეთის ზრახვებზე, ვიზა ლიბერალიზაციაა. ამის შესახებ ევროინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაზე EurActiv-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნავს.

"რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორს ე.წ ხელშეკრულების გაფორმება ბოლო ნაბიჯია იმ მოვლენებიდან, რომელიც უკიდურესად საგანგაშო ტენდენციას გვიჩვენებს: რუსეთის მიზანს ყოფილი საბჭოთა კავშირის რაც შეიძლება მეტი ტერიტორიების ანექსია წარმოადგენს. ამის მისაღწევად, რუსეთი არ შეყოვნდება, გამოიყენოს ხისტი ძალა - დააშინოს თავისი მეზობლები და შელახოს მათი ტერიტორიული მთლიანობა. როგორ შეიძლება დასავლეთმა ამას უპასუხოს? უპირველესი და დაუყოვნებლივი ნაბიჯი ამაზე უნდა იყოს ვიზალიბერალიზაცია" - წერს დავით ბაქრაძე.

სახელმწიფო მინისტრი აღნიშნავს, რომ საქართველოს შემთხვევაში სწორედ ვიზალიბერალიზაცია შეუწყობს ხელს კონფლიქტის მოგვარებას.

"საქართველოს, მათ შორის ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, ისარგებლონ "თავისუფლებით", რაც დაუყოვნებლივ იქნება საგრძნობი", - აღნიშნავს ბაქრაძე სტატიაში.

მინისტრი საუბრობს ევროპასთან დაახლოების კუთხით საქართველოს მიღწევებზეც: "ჩვენ რეკორდულ დროში მივაღწიეთ და დავასრულეთ ასოცირების შეთანხმების გაფორმებაზე მუშაობა, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებაზე. ვიზალიბერალიზაცია საქართველოს მოქალაქეებისათვის არის მომდევნო ლოგიკური ნაბიჯი, ტურიზმის, ბიზნეს და აკადემიური ვიზიტების გამარტივებისთვის".

დავით ბაქრაძის თქმით, ევროკომისიამ 2014 წელს საქართველოს პროგრესი აღიარა, როდესაც საქართველომ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მოთხოვნების პირველი ეტაპი შეასრულა. "ჩვენ ახლა მეორე - ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელების ეტაპზე ვიმყოფებით, და ვიმედოვნებთ, რომ მზად ვიქნებით ამისთვის მაისში, რიგაში დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე. საქართველო, ევროკავშირი და რეგიონი ამ პროცესის მალე დასრულებით უფრო მეტს მიიღებს, ვიდრე მოგვიანებით დასრულებით. უვიზო მიმოსვლა ნიშნავს უფრო მეტ ტურისტს, მეტ კულტურულ და სტუდენტურ გაცვლით პროგრამას, უფრო მეტ თანამშრომლობას სამოქალაქო საზოგადოების კუთხით" - აღნიშნავს სახელმწიფო მინისტრი ევროინტეგრაციის საკითხებში.

მისივე თქმით, მაშინ, როდესაც რუსეთი განაგრძობს ერთი მხრივ, პასპორტების გადაცემას და მეორე მხრივ, საზღვრების დახურვას, არ იქნება გაზვიადებული ვთქვათ, რომ ევროპის მომავალი ამ საკითხებზეა დამოკიდებული.