გია გვიჩიანისა და ნიკა ჩემიას ადვოკატებმა უზენაეს სასამართლოს განცხადებით მიმართეს

გია გვიჩიანისა და ნიკა ჩემიას ადვოკატებმა უზენაეს სასამართლოს განცხადებით მიმართეს

2002 წელს "თელასის" მენეჯერის, ნიკა ლომინაძის მკვლელობისთვის გასამართლებული გია გვიჩიანისა და ნიკა ჩემიას ადვოკატებმა უზენაეს სასამართლოს განცხადებით მიმართეს, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფების საქმე დიდმა პალატამ განიხილოს.

როგორც განცხადების შეტანის შემდეგ ადვოკატმა მალხაზ ჯანგირაშვილმა განაცხადა, ჩემიას და გვიჩიანის მიმართ სააპელაციო სასამართლომ გამოიტანა უკანონო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ძალაში დარჩა გამამტყუნებელი განაჩენი. ამის შემდეგ კი, როგორც ჯანგირაშვილმა განმარტა, ადვოკატებმა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს.

ჯანგირაშვილის თქმით, განცხადებას, რომელიც დღეს ადვოკატებმა უზენაეს სასამართლოში შეიტანეს, თან ერთვის 30 პარლამენტარის ხელმოწერა მოთხოვნით, რომ ჩემიასა და გვიჩიანის საქმე დიდმა პალატამ განიხილოს.

მალხაზ ჯანგირაშვილმა განმარტა, რომ დიდი პალატის შემადგენლობაში შესაძლოა შევიდეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე დანარჩენ 8 მოსამართლესთან ერთად. ამასთან, ადვოკატი იმედოვნებს, რომ უზენაესი სასამართლო გვიჩიანისა და ჩემიას მიმართ გამამართლებელ გადაწყვეტილებას მიიღებს.

როგორც გვიჩიანის კიდევ ერთი ადვოკატი ირმა ჭკადუა აცხადებს, ადვოკატები ელოდებიან გამამართლებელ განაჩენს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ნინო გვენეტაძის წინასაარჩევნო დაპირებიდან გამომდინარე, რომ ამოქმედდება ზეპირი მოსმინით განხილვები.

"ნინო გვენეტაძემ თქვა, რომ მოხდება რიგი საქმეების ზეპირი მოსმენით განხილვები. მან ასევე აღნიშნა, რომ დიდმა პალატამ უნდა განიხილოს ძალიან ბევრი საქმე. ყველამ კარგად ვიცით, რომ ბოლო 7-8 წლის განმავლობაში უზენაესი სასამართლო პრაქტიკულად იყო უმოქმედოდ და არ იხილავდა არც ერთი სისხლის სამართლის საქმეს", - განაცხადა ირმა ჭკადუამ.

რაც შეეხება განცხადების განხილვის ვადებს, ადვოკატები განმარტავენ, რომ საკითხი 1 თვის ვადაში უნდა გადაწყდეს.

ნიკა ჩემიასა და გია გვიჩიანის მიმართ სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, რომლის თანახმადაც ორივე ბრალდებულს უვადო პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულებს სასჯელი 15 წლიანი პატიმრობით შეეცვალათ, საიდანაც თითქმის ნახევარი ორივე მსჯავრდებულს მოხდილი აქვს. წარდგენილ ბრალდებას, რომელიც მკვლელობას გულისხმობს, არც ერთი მათგანი არ აღიარებს.