"მას კარგი ანალიზი დასჭირდება"... კალაძე IRI-ს კვლევებზე

IRI-ს კვლევების შედეგებს ვიცე-პრემიერი ეხმაურება. კახა კალაძის თქმით, ოფიციალური მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ მას კარგი ანალიზი დასჭირდება. ამის შესახებ კახა კალაძემ ნავთობის, გაზის, ინფრასტრუქტურისა და ენერგეტიკის საერთაშორისო კონფერენციის გახსნამდე ჟურნალისტებთან განაცხადა- "დაველოდოთ ოფიციალურ მონაცემებს. ამის შემდეგ მას კარგი ანალიზი დასჭირდება და შემდეგ შესაძლებელი იქნება კომენტარის გაკეთება", - განაცხადა კახა კალაძემ.

გუშინ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევების ნაწილი გახდა ცნობილი. ჩატარებულ სოციოლოგიურ კვლევის კითხვაზე - დღეს რომ არჩევნები იყოს, ვის მისცემდი ხმას, პარტიათა ჩამონათვალი ასე გადანაწილდა: "ქართული ოცნება" 36%, "ნაციონალური მოძრაობა" 14%, "თავისუფალი დემოკრატები" 10%, "ლეიბორისტული პარტია" 6%, "დემოკრატიული მოძრაობა" 5%, "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" 5%.

გარდა ამისა, გამოკითხულთა ყველაზე დიდი ნდობით საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სარგებლობენ. ორივეს ნდობის 62 პროცენტიანი მაჩვენებელი აქვს.