ავიაკატასტროფას ესპანეთის პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა

ავიაკატასტროფას ესპანეთის პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა

საფრანგეთის სამხრეთ რეგიონში გერმანული კომპანია "ჯერმანვინგის" კუთვნილი თვითმფრინავის კატასტროფას ესპანეთის პრემიერ-მინისტრი, მაირიანო რახოი გამოეხმაურა.

"მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან ვწუხვარ, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დავეხმაროთ დაღუპულთა ოჯახებს", - განაცხადა მარიანო რახოიმ.

კატასტროფა დღეს შუადღით, ზემო პროვანსის ალპების ტერიტორიაზე მოხდა. მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. როგორც კატასტროფის ადგილთან ახლოს მდებარე სასტუმროს წარმომადგენელი "ბი-ბი-სი"-სთან ინტერვიუში ამბობს, მან დაინახა თვითმფრინავი, რომელიც ძალიან დაბლა დაფრინავდა.

ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე ვერტმფრენები ჩადიან. თვითმფრინავი რთულად მისასვლელ ადგილზე ჩამოვარდა. "ჯერმანვინგის" კუთვნილი ლაინერი 24 წლის წინ შექმნეს. ორძრავიანი თვითმფრინავი 180 მგზავრს იტევდა. ამჯერად ბორტზე 142 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფებოდა. წინასწარი ცნობით, ყველა მათგანი დაიღუპა.