ტომესენმა რამდენიმე საიდუმლო გაგვიზიარა, როგორ შეიძლება არ იყო ევროკავშირის წევრი, მაგრამ მიიღო სარგებელი

ტომესენმა რამდენიმე საიდუმლო გაგვიზიარა, როგორ შეიძლება არ იყო ევროკავშირის წევრი, მაგრამ მიიღო სარგებელი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა დღეს პარლამენტში ნორვეგიელ კოლეგას, ნორვეგიის სამეფოს სტორტინგის (პარლამენტის) თავმჯდომარეს, ოლემიკ ტომესენს უმასპინძლა.

როგორც უსუფაშვილმა შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ტომესენის საქართველოში სტუმრობა ეს არის ხაზგასმა იმისა, რომ ნორვეგიასა და საქართველოს შორის უკვე არსებობს ძალიან მჭიდრო, მეგობრული სათანამშრომლო ურთიერთობა და ყველაფერი კეთდება, რომ ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდეს და ორივე ქვეყნისთვის სასარგებლო გახდეს.

უსუფაშვილის თქმით, საქართველოს ძალიან ბევრი რამის სწავლა შეუძლია ნორვეგიის გამოცდილებიდან, როგორც დემოკრატიული აღმშენებლობის საქმეში, ასევე ეკონომიკურ წინსვლაში და ურთიერთობაში დანარჩენ მსოფლიოსთან.

"მოგეხსენებათ, რომ ნორვეგიას და საქართველოს ერთის მხრივ, აშორებს ძალიან დიდი მანძილი, მაგრამ ამ ორ ქვეყანას აახლოებს საერთო დამოკიდებულება ევროკავშირისადმი. ნორვეგია, რომელიც არ არის ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, არც საქართველოა ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, მაგრამ ორივე ქვეყანას გვინდა გვქონდეს მჭიდრო ურთიერთობები ევროკავშირთან. ტომესენმა დღევანდელი საუბრის დროს რამდენიმე საიდუმლოც გაგვიზიარა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება ქვეყანა არ იყოს ევროკავშირის წევრი, მაგრამ მიიღოს არანაკლები სარგებელი ვიდრე თავად ევროკავშირის წევრი ქვეყნები იღებენ და ჩვენ ამ მიმართულებით გავაგრძელებთ თანამრომლობას", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, ნორვეგია არის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, საქართველოს ნატოში გაწევრიანების მხარდამჭერი ქვეყანა, რაზეც დღევანდელ შეხვედრაზეც ისაუბრეს.

"დეტალური საუბარი გვქონდა იმისთვის, რომ ჩვენი თანამშრომლობით და კონკრეტულად ნორვეგიის მთავრობის მცდელობით კიდევ უფრო განმტკიცდეს ჩვენი უსაფრთხოება, რომელიც ყოველთვის არ არის გარანტირებული. ჩვენ სრული ურთიერთგაგება გვაქვს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და იმის თაობაზე, რომ აგრესორი უნდა შეჩერდეს და ამ პროცესში ყველა ქვეყანამ ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ. გარდა ამისა, ჩვენ ვისაუბრეთ ორმხრივ ურთიერთობებზე, რაც ძალიან სერიოზული პოტენციალის შემცველია განათლების, კულტურის სფეროებში. სტუმრებმა გვითხრეს, რომ ძალიან ბევრი ნორვეგიელი არის მოსურნე იმისა, რომ საქართველოში ჩამოვიდეს იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყნის სილამაზე ისტორია კულტურა არის კარგად ცნობილი. ასე, რომ ჩვენს ტურისტულ ინდუსტრიას სერიოზული პოტენციალი აქვს ამ თვალსაზრისითაც", - განაცხადა უსუფაშვილმა.