ყირგიზეთში რუსული ენისთვის ოფიციალური სტატუსის გაუქმებას ითხოვენ

ყირგიზეთში რუსული ენისთვის ოფიციალური სტატუსის გაუქმებას ითხოვენ

ყირგიზეთში რუსული ენისთვის ოფიციალური სტატუსის გაუქმებას ითხოვენ. ამის შესახებ რუსული მედია გამოცემა "ვეჩერნი ბიშკეკზე" დაყრდნობით იუწყება.
 

სახელმწიფო ენის ეროვნული კომისიის ხელმძღვანელის, ეგემბერდი ერმატოვის ინფორმაციით, ინციატივა მეცნიერთა ჯგუფს ეკუთვნის. თუმცა, 2020 წლამდე ქვეყანაში საკონსტიტუციო ცვლილებეზე მორატორიუმია დაწესებული. 

"მეცნიერები მიიჩნევენ, რომ რუსულ ენას ოფიციალური ენის სტატუსი უნდა გაუუქმდეს. ჩვენ უნდა განვავითაროთ ჩვენი ენა. დღეს, სახელმწიფო დაწესებულებები ოფიციალურ დოკუმენტებს ყირგიზულ ენაზე არ თარგმნიან და მხოლოდ რუსულ ენაზე ამზადებენ, ვინაიდან რუსულიც ოფიციალური ენაა", - განაცხადა ეგემბერდი ერმატოვმა.

ყირგიზეთის მთავრობაში კი აცხადებენ, რომ იგეგმება 243 მილიონი ყირგიზული სომის გამოყოფა იმისათვის, რომ საბავშვო ბაღებისთვის, სკოლებისთვის, უნივერსიტეტებისა და სამთავრობო უწყებებისთვის წიგნები ყირგიზულ ენაზე გამოუშვან. 

სახელმწიფო ენის ეროვნული კომისიის ხელმძღვანელის ცნობით, შემუშავებულია ყირგიზული ენის ტესტიც, რომელსაც 2016 წლიდან ყველა სახელმწიფო მოხელე ჩააბარებს, რაც დადებითად იმოქმედებს ყირგიზული ენის განვითარებაზე. 

ყირგიზეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი რუსულ ენაზე საუბრობს, 2009 წლის სოციოლოგიური გამოკითხვების მიხედვით, რუსულ ენას ყოველდღიურ ცხოვრებაში მოსახლეობის 48 პროცენტი იყენებს.