"ბი-ბი-სი" - რუსეთის ეკონომიკურმა კრიზისმა ქართული ღვინის ექსპორტზეც იქონია გავლენა

რუსეთის ეკონომიკურმა კრიზისმა ქართული ღვინის ექსპორტზეც იქონია გავლენა, - ამის შესახებ "ბი-ბი-სის" რუსული ბიურო სტატიას აქვეყნებს.

"2013 წელს რუსეთის ბაზარზე დაბრუნების შემდეგ ქართული ღვინის გაყიდვებმა შვიდწლიანი პაუზის შემდეგ ყველა პროგნოზს გადააჭარბა. თუმცა, 2015 წლის დასაწყისში ნათელი გახდა, რომ რუსეთში არსებული კრიზისი ქართველ ღვინისმწარმოებლებს გვერდს ვერ აუვლიდა. ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ქართული ღვინის ექსპორტი რუსეთში ამ წლის პირველი ორი თვის განმავლობაში 85 პროცენტით შემცირდა და მილიონზე მეტი ბოთლი შეადგინა", -წერია სტატიაში.

სტატიის ავტორს ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის, გიორგი სამანიშვილის კომენტარი მოჰყავს: "2014 წელს ექსპორტმა ბოლო 20 წლის განმავლობაში მაქსიმუმს მიაღწია, თუმცა, გასულ წელს უკვე დაიწყო პრობლემები რუსეთსა და უკრაინაში - რუბლისა და გრივნის არასტაბილურობა. ამან გავლენა მოახდინა უკრაინაში ღვინის ექსპორტზე, რომელიც დაახლოებით 2014 წლის განმავლობაში 15 პროცენტით შემცირდა. ექსპორტი იზრდებოდა რუსეთში, თუმცა, ვიცოდით, რომ 2015 წელს მსგავსი ზრდა აღარ გაგრძელდებოდა". როგორც სტატიაშია აღნიშნული, გასულ წელს საქართველომ 60 000 მილიონი ბოთლი ღვინის ექსპორტი განახორციელა, რაც 2013 წელთან შედარებით 26 პროცენტით მაღალი იყო. ექსპორტირებული ღვინის უმრავლესობა - 38 მილიონი ბოთლი რუსეთში გავიდა.

"ბი-ბი-სი"-სთვის მიცემულ ინტერვიუში კომპანია "თელავის ღვინის მარნის" თანამფლობელი, ზურაბ რამაზაშვილი ამბობს, რომ რუსეთიდან შეკვეთები არის, თუმცა, არა იმდენი, რამდენიც გასულ წელს იყო. როგორც სტატიაშია აღნიშნული, საქართველოს ღვინის ეროვნულ სააგენტოში ფიქრობენ, რომ მომდევნო თვეების განმავლობაში რუსეთში ქართული ღვინის იმპორტზე მოთხოვნა კვლავ გაიზრდება. "ჩვენ ვფიქრობთ, რომ ექსპორტი განსაკუთრებით გააქტიურდება აპრილ-მაისიდან, ვინაიდან გრივნისა და რუბლის კურსი ასე თუ ისე დასტაბილურდება", - განუცხადა "ბი-ბი-სის" გიორგი სამანიშვილმა.