მთავრობისათვის უნდობლობის გამოცხადება რთულ და რამდენიმე ეტაპიან პროცედურასთან არის დაკავშირებული

მთავრობისათვის უნდობლობის გამოცხადება რთულ და რამდენიმე ეტაპიან პროცედურასთან არის დაკავშირებული

მთავრობისათვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურა, რომლის პარლამენტში ინიცირებას "ნაციონალური მოძრაობა" გეგმავს, საკმაოდ რთულ და რამდენიმე ეტაპიან პროცედურასთან არის დაკავშირებული.

პარლამენტი უფლებამოსილია, მთავრობას უნდობლობა გამოუცხადოს, თუმცა საქართველოს კონსტიტუციაში პროცედურათა იმდენად რთული თანმიმდევრობაა გაწერილი, რომ მთლიანობაში უნდობლობის გამოცხადებას და ახალი მთავრობის დამტკიცებას შესაძლოა 90-ზე მეტი დღე დასჭირდეს. ამასთან, საჭირო ხდება ხმების რამდენჯერმე მაღალი კვორუმით მობილიზება.

საქართველოს კონსტიტუციის გათვალისწინებით, მთავრობისათვის უნდობლობის გამოცხადება, რომელსაც უნდობლობის კონსტრუქციული ვოტუმის პროცედურას უწოდებენ, შემდეგნაირად ხდება:

მთავრობის უნდობლობის საკითხის აღძვრისთვის პარლამენტს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ორმა მეხუთედმა (60 დეპუტატი) უნდა მიმართოს. უნდობლობის გამოცხადების საკითხის აღძვრასთან დაკავშირებით კენჭისყრა იმართება არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 25 დღისა. უნდობლობის საკითხი აღძრულად ჩაითვლება, თუ მას პარლამენტის სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი - 75 დეპუტატი დაუჭერს მხარს (ცოტა ხნის წინ პარლამენტის წევრის გარდაცვალების გამო, პარლამენტის სიითი შემადგენლობა 149 დეპუტატით არის განსაზღვრული). გადაწყვეტილების ჩავარდნის შემთხვევაში, პარლამენტის იმავე წევრთა მიერ საკითხის ხელახლა ინიცირება მომდევნო ექვს თვეში დაუშვებელია. ამისთვის ახალი 60 დეპუტატი იქნება საჭირო, რომელთაგან არც ერთი არ შეიძლება იმ 60 დეპუტატს შორის იყოს, რომელმაც ბოლო ექვსი თვის განმავლობაში უნდობლობის საკითხის აღძვრა მოითხოვა.

უნდობლობის საკითხის აღძვრიდან 20–25 დღეში, პარლამენტი კენჭს უყრის სიითი შემადგენლობის არანაკლებ ორი მეხუთედის (60 დეპუტატი) მიერ დასახელებულ პრემიერ-მინისტრის კანდიდატის პრეზიდენტისთვის წარდგენას. თუკი პარლამენტართა ორი, მინიმუმ 60 კაციანი ჯგუფის მიერ დასახელდა პრემიერ-მინისტრის სხვადასხვა კანდიდატურა, კენჭი ორივე მათგანს ეყრება. პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა წარედგინება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი (75 დეპუტატი). პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის წარუდგენლობა უნდობლობის გამოცხადების პროცედურის შეწყვეტას ნიშნავს.

პრეზიდენტს უფლება აქვს, ხუთი დღის ვადაში დაეთანხმოს ან უარი თქვას პრემიერ–მინისტრობის კანდიდატზე. თუკი პრეზიდენტი პარლამენტის მიერ წარდგენილ კანდიდატურას წამოაყენებს, მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადება კონსტიტუციით დადგენილი წესითა და პროცედურით ხდება – პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი შვიდი დღის ვადაში პარლამენტს მთავრობის შემადგენლობასა და სამთავრობო პროგრამას წარუდგენს, ხოლო პარლამენტი ასევე შვიდი დღის განმავლობაში 75 ხმით ამტკიცებს მას.

თუკი პრეზიდენტი პარლამენტის მიერ წამოყენებულ პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას ვეტოს დაადებს, პარლამენტს სიითი შემადგენლობის სამი მეხუთედით (90 დეპუტატი) ვეტოს დაძლევა შეუძლია, რაც არანაკლებ 15 და არაუმეტეს 20 დღეში უნდა მოხდეს. ვეტოს დაძლევის შემთხვევაში, პრეზიდენტი ვალდებულია მაქსიმუმ სამ დღეში პარლამენტს მისთვის წარდგენილი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა წარუდგინოს. მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცება უნდობლობის კონსტრუქციული ვოტუმის წესით ხდება, რაც ახალი მთავრობის დამტკიცებასთან ერთად ძველი შემადგენლობისთვის ავტომატურად უნდობლობის გამოცხადებას ნიშნავს.

ახალ პრემიერ-მინისტრს პრეზიდენტი ორი დღის ვადაში ნიშნავს, ხოლო პრემიერ-მინისტრი ასევე ორი დღის ვადაში – მთავრობის სხვა წევრებს. თუ პრეზიდენტი აღნიშნულ ვადაში არ გამოსცემს სამართლებრივ აქტს პრემიერ-მინისტრის დანიშვნის თაობაზე, პრემიერ-მინისტრი დანიშნულად ჩაითვლება.

პარლამენტის მიერ მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, პრეზიდენტი უფლებამოსილია 3 დღის ვადაში დაითხოვოს პარლამენტი და დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები.

მთავრობისათვის უნდობლობის გამოცხადების ეს პროცედურა 2010 წელს განხორციელებული საკონსტიტუციო რეფორმის შედეგად მოქმედებს.