"ნაციონალური მოძრაობა" ანტიკორუფციულ კომიტეტებს აყალიბებს

მიმდინარე კვირაში "ნაციონალური მოძრაობის" ინიციატივით სამი ანტიკორუფციული კომიტეტი ამოქმედდება, - ამის შესახებ პარტიის ოფისში გამართული პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ გოკა გაბაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ანტიკორუფციული კომიტეტები ამოქმედდება თბილისში, კერძოდ, გლდანში, სენაკსა და გურჯაანში. გაბაშვილის თქმით, კომიტეტები ადგილობრივ კორუმპირებულ ჩინოვნიკებს ამხელს.

"მიმდინარეობს ხალხის ფულის მასობრივი ხერხვა ბიუჯეტიდან. ეს არა მხოლოდ თბილისური ჯოტია ბოდოკიას ისტორიაა, არამედ მთელს საქართველოში ასობით ჯოკია ბოდოკია მოქმედებს და ხალხის ფულს იპარავს, რის შესახებაც ხალხს ინფორმაციას მივაწოდებთ", - განაცხადა გოკა გაბაშვილმა.

ანტიკორუფციული კომიტეტის სამომავლო მუშაობაზე ისაუბრა "ნაციონალების" კიდევ ერთმა წარმომადგენელმა, აკაკი მინაშვილმა. მისი თქმით, პირველ ეტაპზე კომიტეტები შეიქმნება სენაკში, თბილისსა და გურჯაანში, ხოლო სამომავლოდ სხვა რეგიონებშიც იგეგმება კომიტეტების შექმნა.

"ეს აქტივობა საბოლოოდ დასრულდება იმით, რომ დღევანდელ მთავრობას მოუწევს სახლში წასვლა. ორი წელია ამ ადამიანებს არ აწუხებთ მოქალაქეები და ზრუნავენ მხოლოდ საკუთარ ჯიბეზე", - განაცხადა მინაშვილმა.