მთავრობის გადადგომის მიმართულებით

მთავრობის გადადგომის მიმართულებით "ნაციონალურ მოძრაობას" მკაფიო გეგმა გააჩნია

მთავრობის გადადგომის მიმართულებით "ნაციონალურ მოძრაობას" მკაფიო გეგმა გააჩნია, - ამის შესახებ პარტიის ოფისში გამართული პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ "ნაციონალების" ერთ-ერთმა ლიდერმა, გოკა გაბაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პოლიტსაბჭოზე დამტკიცდა ის განსახორციელებელი გეგმა, რომელიც 21 მარტის მიტინგზე გაცხადდა. "ჩვენ ვისაუბრეთ საპროტესტო აქციების გეგმაზე, რომლის შესახებ საზოგადოებას პერიოდულად მიეწოდება ინფორმაცია სად, როდის და რა ტიპის აქცია გაიმართება. ვისაუბრეთ ასევე პარლამენტში განსახორციელებელ გეგმაზე, თუ როგორ იმოქმედებს ჩვენი ფრაქცია პარლამენტში, რათა დაიწყოს მთავრობის გადადგომის საკითხის ინიცირება", - აღნიშნა გოკა გაბაშვილმა.

რაც შეეხება "თავისუფალი დემოკრატების" მხარდაჭერის საკითხს მთავრობის გადადგომის მოთხოვნასთან დაკავშირებით, როგორც გაბაშვილმა განმარტა, ტელესაუბარი "თავისუფალ დემოკრატებთან" მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

"არ მგონია "თავისუფალ დემოკრატებს" ტელეეთერით უნდა ვესაუბროთ. ჩვენ გვაქვს იდეები და ჩვენს კოლეგებს გავესაუბრებით ამ საკითხზე პარლამენტში. ჩვენ გვაქვს მკაფიო გეგმა, რომლის განხორციელებას დღეიდან დავიწყებთ. იმედი გვაქვს, ხალხის მიერ არჩეული პარლამენტის წევრები დროთა განმავლობაში უფრო მეტად გაიგონებენ ხალხის ხმას და გაითვალიეწინებენ მის მოთხოვნას", - განაცხადა გოკა გაბაშვილმა.