"როცა "თავისუფალი დემოკრატები" ხელისუფლებაში იყვნენ ტაშს უკრავდნენ კარასინი-აბაშიძის ფორმატს"

რუსეთის ფედერაციასა და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონს შორის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ე.წ. ხელშეკრულების გაფორმებას ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ეხმაურებდა და აცხადებს, რომ ხელისუფლება აკეთებს იმას, რაც შეუძლია. "გრძელდება ანექსიის გაღრმავების პროცესი, რაც ძალიან სამწუხაროა. ხელისუფლება აკეთებს იმას, რაც შეუძლია. რაც შეუძლია და ვერ აკეთებს, იქ უნდა გავაკრიტიკოთ და არა, იმაზე რაც არ შეუძლია. კარგი მაგალითი გვაქვს, არ შეეძლო და შარვლიდან ხტებოდა სააკაშვილი და შედეგად მივიღეთ 2008 წელს კატასტროფა. დღეს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად და მაქსიმალურად ახერხებს ის სიტუაცია მაინც დავიჭიროთ, რომ არაღიარების თემა მაღლა ავწიოთ. ჩვენ განუხრელად უნდა გავაგრძელოთ, ის რაც დაიწყო 2014 წლის თებერვლიდან, ავაშენოთ ძალიან საინტერესო, დემოკრატიული სახელმწიფო და რუსეთი ვერსად ვერ წაიღებს ვერც ჩვენს ტერიტორიას, რომელსაც სამხრეთ ოსეთს უწოდებენ და ვერც აფხაზეთს", - განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ ჩვენ უნდა მოვახერხოთ ისეთი სახელმწიფოს აშენება, რომ ჩვენს ძმებს თანაცხოვრების სურვილი გაუჩნდეთ. მიუხედავად შექმნილი სიტუაციისა, ივანიშვილი მიზანშეწონილად მიიჩნევს აბაშიძე-კარასინის ფორმატის შენარჩუნებას. ივანიშვილის განცხადებით, აბაშიძე-კარასინის ფორმატს ახალი კრიტიკოსები გამოუჩნდნენ "თავისუფალი დემოკრატების" სახით, რომლებიც როცა ხელისუფლებაში იყვნენ, მაშინ ტაშს უკრავდნენ."კარასინი-აბაშიძის ფორმატს ძალიან აქტიურად აკრიტიკებენ, დღეს ახალი კრიტიკოსები გამოუჩნდათ "თავისუფალი დემოკრატების" სახით. ცოტა უცნაურია, როცა ხელისუფლებაში იყვნენ ტაშს უკრავდნენ. მოლაპარაკების ნებისმიერი ფორმატი საინტერესოა და უნდა შევეცადოთ მხოლოდ ამ გზით გადავწყვიტოთ ყველა პრობლემა. დიდი ეფექტურობა ვერ მივიღეთ, მაგრამ რაღაც ეფექტურობა მივიღეთ და მომავლისთვის უნდა ვეცადოთ რომ ეფექტურობა გაიზარდოს და არა ის, რომ მოლაპარაკებებზე უარი ვთქვათ და ტანკები დავქოქოთ", - განაცხადა ივანიშვილმა.