„სახელმწიფო არ არსებობს, სადაც მოხელეს კორუფცია არ ჩაუდენია“

„სახელმწიფო არ არსებობს, სადაც მოხელეს კორუფცია არ ჩაუდენია“

ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მერიაში გამოვლენილი კორუფციის შემთხვევები მთლიანად საზოგადოების პრობლემაა და ამ მხრივ, საქართველო სხვა სახელმწიფოებისგან არ განსხვავდება.

ყოფილი პრემიერის თქმით, საშუალო დონის მენეჯერებს „ნაციონალური მოძრაობის“ დროსაც ებრძოდნენ, თუმცა მაშინ კორუფციული გარიგებების უფლება მხოლოდ რამდენიმე კაცს ჰქონდა.

„კორუფციას ყველგან ნახავთ. სახელმწიფო არ არსებობს, სადაც მოხელეს კორუფცია არ ჩაუდენია, მე არ ვიცი ასეთი. ვერ ვიტყვი, რომ ამ მხრივ საქართველო წარმატებული ევროპული ქვეყნებისგან განსხვავდება დღევანდელი დონით. სხვათა შორის, საშუალო დონის მენეჯერებს „ნაციონალური მოძრაობის“ დროსაც ებრძოდნენ. ამის უფლება მხოლოდ რამდენიმე კაცს ჰქონდა. მთელი ქონება უნდა ასულიყო ზემოთ, პირამიდა ჰქონდათ აგებული და ასეთ კორუფციას ებრძოდნენ სწორედ, რაც მერე ევროპაში გაასაღეს კორუფციასთან ბრძოლის სანიმუშო მოდელად“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, შევარდნაძის დროს იყო ერთი ტიპის კორუფცია, სააკაშვილმა კი ელიტური კორუფცია დააფუძნა.

ექსპრემიერის შეფასებით, მთავარი განსხვავება სააკაშვილის ხელისუფლებასა და დღვანდელ ხელისუფლებას შორის არის ის, რომ დღეს მთავრობა ხალხის სამსახურშია და ამას კარგად გრძნობენ.

„სწორება არის იმაზე, რომ ვერ გაბედონ პირველ რიგში პრემიერ-მინისტრმა, შემდეგ კი მინისტრებმა ასეთი რამ. რაც იყო შეკითხვები, რეაქციებიც გაკეთდა. გავიხსენებ, თუნდაც გელა ხვედელიძის მაგალითს. ათასობით კადრები ჰქონდათ გაკეთებული და ამაში ბიუჯეტიდან ფულს იხდიდნენ, ხალხი ჰყავდათ დაქირავებული სპეციალურად და ერთი კადრის გავრცელებისთვის, მას სამსახურის დატოვება და პასუხისგება მოუწია. ეს არის პრინციპული განსხვავება და დღესაც იგივე განცდაა. შეცდომები მომავალშიც ექნებათ. დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას ყველა ევროპული სახლემწიფო გეგმავს და ასე იქნება ჩვენთანაც“, - განაცხადა ივანიშვილმა.

რაც შეეხება თბილისის მერის მუშაობას, ყოფილი პრემიერის შეფასებით, დავით ნარმანია მეთოდური, ევროპული ტიპის მენეჯერია. ივანიშვილის განცხადებით, შესაძლოა, ის ქართულ ხასიათს, დღევანდელ მდგომარეობას, ბოლომდე იდეალურად არ ერგება.

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მას, გაითვალისწინოს რეალობა და ფორსირება მოახდინოს პროცესების, თავისი მენეჯერული თვისებების. ნარმანია ჩემთვის არჩეული იყო იმისთვის, რომ ახალი ტიპის მართვის სიმბოლო ყოფილიყო. ის, რაც დააფუძნა სააკაშვილმა, რომ შენობებს, რომელსაც 2-3 წელი სჭირდებოდა, 9 თვეში აშენებდა და როგორ გზებსაც აგებდნენ, რამდენიმე დღეში ის გზები ფუჭდებოდა, ეს ჩემთვის ეტალონი იყო იმისა, რომ ეს სტილი უნდა დაფუძნდეს. მომავალში, ცოტა გვიან, ნარმანიას სტილი იქნება იდეალური. დღეს კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, დააჩქაროს პროცესები“, - განაცხადა ივანიშვილმა და აღნიშნა, რომ თბილისის მერი საერთო ჯამში კარგი მენეჯერი, პროფესიონალი და სპეციალისტია.