რა ხდება, რას გიშავებთ ეს მთავრობა და რატომ უნდა გადადგეს?

რა ხდება, რას გიშავებთ ეს მთავრობა და რატომ უნდა გადადგეს?

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში ტელეკომპანიები გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მის მიმართ გარკვეული ტელეკომპანიების მხრიდან განხორციელდა ძალადობის მსგავსი ქმედება.

„შეხვედრაზე ვჩქარობდი და თქვენ ამის საშუალებას არ მაძლევდით. ძალიან ცუდი ფაქტი დაფიქსირდა. ეს ყველაფერი ძალადობას ჰგავდა. ამის ავტორები გახლდნენ „რუსთავი 2“, „ტაბულა“ და „მაესტრო“ უბამდა მხარს. ეს ძალიან სიმბოლური იყო, როგორ მომდევდით. ეს სიმბოლოა იმისა, თუ როგორ ახერხებთ სიცრუის ტირაჟირებას ამ ორი წლის განმავლობაში. სხვა ტელევიზიებიც ახერხებენ ჩაბმას ამ ფერხულში“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილმა ასევე განაცხადა, რომ მთავრობის მუშაობის შესახებ საკუთარ ანალიზს მოსახლეობას კვირას გააცნობს. მანამდე კი აცხადებს, რომ ხელისუფლებამ გააკეთა ყველაფერი, რისი გაკეთებაც შესაძლებელი იყო, ამიტომ ის ვერ ხედავს საფუძველს, თუ რატომ შეიძლება ითხოვდეს ვინმე საქართველოში მთავრობის შეცვლას.

„რა ხდება, რას გიშავებთ ეს მთავრობა და რატომ უნდა გადადგეს? „ნაციონალური მოძრაობა“,  მოძალადე ხელისუფლება, რომელსაც აქვს ნებისმიერი მეთოდებით დაბრუნების სურვილი,  ყველანაირად სიცრუეს ავრცელებს, რომ ხელისუფლება არის უუნარო. უნარად საზოგადოებამ ის უნდა მიიჩნიოს, რომ მათ სისხლი დაღვარეს იმ მოედანზე, სადაც ახლა აპირებენ დემონსტრირებას? მათ დაარბიეს უამრავი მშვიდობიანი მოქალაქე. შეგახსენებთ, როგორი წამებები იყო ციხეებში თუ გარეთ. მათ აქვთ საშუალება, რომ დღეს თავისუფლად გამოხატონ საკუთარი აზრი. ამდენი ჭკუა ჰყოფნით მათ, რომ ძალადობა არ დააფიქსირონ, სხვა დანარჩენში წინა ხელისუფლება და დღევანდელი იმით განსხვავდებიან ერთმანეთისგან, რომ დღევანდელი ხელისუფლება აძლევს საშუალებას, „ნაცმოძრაობამ“ გამოხატოს თავისი სიცრუე“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.