საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის დავით საგანელიძის თქმით, გვენეტაძის კანდიდატურას თითქმის აბსოლუტურმა უმრავლესობამ მხარი იმიტომ დაუჭირა, რომ ის არის პროფესიონალი და ძალიან კარგი კადრი.
„მე იმედი მაქვს, რომ ქალბატონი ნინო მართლაც გამორჩეული იქნება თავისი პრინციპულობით, თავისი სამართლიანობით, პროფესიონალიზმით და მომავალ წლებში საქართველოს სასამართლო ალბათ, უნდა იყოს მართლაც სამაგალითო. მას აქვს ძალიან ბევრი ფუნქცია, ძალიან ბევრი ამოცანები აქვს ჩასატარებელი. საჭიროა ამ სისტემის ძალიან დიდი რეფორმა. რაც შეეხება უმრავლესობის მხრიდან ნდობას, თითქმის აბსოლუტურმა უმრავლესობამ მხარი იმიტომ დაუჭირა, რომ ის არის პროფესიონალი და ძალიან კარგი კადრი. უმრავლესობის თითოეული ფრაქციის წევრმა გამოიჩინა ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და ნდობა ქალბატონი ნინოს მიმართ“, - განაცხადა დავით საგანელიძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტმა 88 ხმით არცერთის წინააღმდეგ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე 10 წლის ვადით ნინო გვენეტაძე აირჩია.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატად პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტს დასამტკიცებლად იურისტი ნინო გვენეტაძე 17 თებერვალს წარუდგინა.