კომპანიებს, რომლებიც სახელმწიფო შესყიდევებს ახორციელებენ, დევალვაციის ეფექტის კომპენსირება გაეწევათ

კომპანიებს, რომლებიც სახელმწიფო შესყიდევებს ახორციელებენ, დევალვაციის ეფექტის კომპენსირება გაეწევათ

ეკონომიკის მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, სავალუტო კრიზისის გამო ძალიან ბევრი კომპანია დაზარალდა, ამიტომ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, 10%-იანი ლიმიტი გამოიყენოს.

კვირიკაშვილის განცხადებით, კომპანიები წინა გამოცხადებული ფასებით ვერ შეძლებენ არსებული პროექტების დასრულებას და ძალიან ბევრ შემთხვევაში ისინი არ იწყებენ სამუშაოებს, რის გამოც მთავრობამ ეს გადაწყვეტილება მიიღო.

„ბოლო პერიოდში სავალუტო კრიზისის გამო ძალიან ბევრი კომპანია დაზარალდა იმ კუთხით, რომ სახელმწიფო შესყიდვებში და სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვან პროექტებში მხედველობაში მაქვს უპირველეს ყოვლისა, ინფრასტრუქტურული პროექტები როგორც ცენტრალური მთავრობის მიერ გამოცხადებული, ასევე მუნიციპალური და ის პროექტები, რომლებსაც ჩვენ ვახორციელებთ საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების დაფინანსებით, ძალიან ბევრ პროექტს, კომპანიას შეექმნა საფრთხე იმისა, რომ წინა გამოცხადებული ფასებით ვერ შეძლებენ არსებული პროექტების დასრულებას და ძალიან ბევრ შემთხვევაში ჩვენ მოგვივიდა სიგნალი, რომ კომპანიები არ იწყებენ სამუშაოს. ამიტომ, მთავრობამ იმსჯელა ამ პრობლემის შესახებ და მიიღო გადაწყვეტილება რომ შესაბამის საკანონმდებლო აქტში, კერძოდ, კანონქვემდებარე აქტში, რომელიც ეხება სახელმწიფო შესყიდვებს გაითვალისწინოს არსებული გარემოებები და გამოიყენოს ის 10%-იანი ლიმიტი, რომელიც კანონქმედებარე აქტით არის გათვალისწინებული  და აქამდე იშვიათად გამოიყენებოდა“,-განაცხადა კვირიკაშვილმა

მისივე თქმით, იმ პირობებში, როდესაც შესყიდვების დროს გაუფასურების პროცენტი აღწევს 10%-ზე მეტს,  შეიქმნება უწყებათაშორისო ჯგუფი, რომელის ყველა მსგავს შემთხვევას განიხილავს.

ეკონომიკის მინისტრი იმედს გამოთქვამს, რომ ეს მექანიზმი ბოროტად გამოყენებული არ იქნება.

„ასევე, იმ პირობებში როდესაც შესყიდვების დროს გაუფასურების პროცენტი აღწევს 10%-ზე მეტს ამ შემთხვევაშიც შეიქმნას უწყებათაშორისი ფორმატი, რომელშიც ყველა ასეთი შემთხვევა იქნება განხილული ფინანსთა სამინისტროს, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს  და რა თქმა უნდა, შემსყიდველი ორგანიზაციის მონაწილეობით და იმ კომპანიებისთვის, რომლებიც ამგვარ სამუშაოებს ასრულებენ კომპენსირებულ იქნას დევალვაციის ეფექტი. ეს მექანიზმი არ უნდა იქნას ბოროტად გამოყენებული და აუცილებლად უნდა იქნას გათვალისიწნებული მხოლოდ ის კომპონენტები, რომლებიც გამოწვეულია დევალვაციით და სადაც ჩვენ გათვალისწინებული გვქონდა  უცხოურ ვალუტაში დენომინირებული შესყიდვის ნაწილი“,-განაცხადა კვირიკაშვილმა

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, უახლოეს სხდომაზე მთავრობა დაამტკიცებს კანონქვემედებარე აქტში ცვლილებას, სადაც გათვალისწინებული იქნება კონკრეტული მექანიზმი, რის ფარგლებშიც ფინანსთა სამინისტროს და სამხარაულის ბიუროს მონაწილეობით სახელმწიფო გაუკეთებს კომპენსირებას იმ კომპანიებს, რომლებმაც გაიმარჯვეს  ტენდერებში.

„ეს რა თქმა უნდა, არ ეხება დღემდე განხორციელებულ შესყიდვებს და იმ შესყიდვებს, სადაც სამუშაოები ჩაბარებულია უკვე, ეს მხოლოდ და მხოლოდ ეხება იმ სამუშაოებს, რომლებიც ამ პერიოდიდან და მომავალში იქნება შესრულებული, ასევე მინდა ვთქვა, რომ გათვალისწინებული იქნება ყველა ის გარემოება და ყველა  კონკრეტული შემთხვევა“,- აღნიშნა კვირიკაშვილმა

ეკონომიკის მინისტრის შეფასებით, სახელმწიფომ ამ ნაბიჯით მნიშვნელოვანი შემხვედრი ნაბიჯი გადადგა კომპანიების მიმართ, რომ მათ შეუფარხებელი საქმიანობის საშუალება მიეცეთ.

„ასე რომ, სახელმწიფომ გადადგა ძალიან მნიშვნელოვანი შემხვედრი ნაბიჯი ეკონომიკის სუბიექტების კომპანიების მიმართ და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას, რათა უპირველეს ყოვლისა, კომპანიებს მიეცეს შეუფერხებელი საქმიანობის საშუალება და ასევე არცერთი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს, არ შეფერხდეს“,- განაცხადა კვირიკაშვილმა.