საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მინისტრ თამარ ბერუჩაშვილისა და დიპლომატიური კორპუსის შეხვედრა მიმდინარეობს.
შეხვედრის მთავარი თემაა გუშინ რუსეთსა და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონს შორის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ე.წ. ხელშეკრულების გაფორმება.
როგორც ჟურნალისტებს საგარეო უწყების პრესსპიკერმა დავით კერესელიძემ განუცხადა, აღნიშნულ საკითხზე სასაუბროდ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებს უწყებაში მისვლა ქართულმა მხარემ სთხოვა.
მისივე თქმით, ოფიციალური თბილისი აპირებს მის ხელთ არსებული ყველა მექანიზმი გამოიყენოს, რათა დაუშვებელი ფაქტის თაობაზე, რომელიც არღვევს საერთაშორისო ნორმებს, ინფორმაცია სწორად იყოს მიწოდებული პარტნიორებისადმი.
რუსეთსა და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონს შორის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ე.წ. შეთანხმება, რომელიც თანამშრომლობის ყველა სფეროში ურთიერთობების გაღრმავებას ითვალისწინებს, გუშინ კრემლში გაფორმდა.