აჭარის უმაღლესი საბჭოს აპარატის იურიდიული განყოფილების ხელმძღვანელი გელა ღოღობერიძე ჯემალ ფუტკარაძის ვიცე სპიკერად არჩევას უკანონოს უწოდებს.
როგორც გელა ღოღობერიძემ დღეს უმაღლეს საბჭოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ავთანდილ ბერიუძემ სხდომა დახურა და ამის შემდეგ დეპუტატებმა სესია თვითნებურად გაააგრძელეს.
"ასეთ სხდომაზე მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება უკანონოა და ჯემალ ფუტკარაძის ვიცე-სპიკერის პოსტზე არანაირი ლეგიტიმაცია არ გააჩნია", _ განაცხადა აჭარის უმაღლესი საბჭოს აპარატის იურიდიული განყოფილების ხელმძღვანელმა.
ჯემალ ფუტკარაძე დეპუტატებმა ვიცე-სპიკერად გუშინ აირჩიეს. აღნიშნული შედეგები უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძემ ბათილად გამოაცხადა, სხდომა დახურა და დარბაზი დატოვა. ამის შემდეგ სესიას უხუცესი დეპუტატი მედეა ვასაძე წარუძღვა და ჯემალ ფუტკარაძის ვიცე- სპიკერად არჩევის შესახებ მიღებული დადგენილება კენჭისყრაზე დააყენა, რასაც უმაღლესი საბჭოს 8 წევრმა მხარი დაუჭირა.
ავანდილ ბერიძე კენჭისყრის შედეგებს მიღებულად არ მიიჩნევს. მან გუშინ სხდომაზევე განაცხადა, რომ ფუტკარაძესთან დაკავშირებით სამივე კენჭისყრა რეგლამენტის დარღვევით მიმდინარეობდა.