„საქართველომ ღირსეული ჯარისკაცები დაკარგა“

„საქართველომ ღირსეული ჯარისკაცები დაკარგა“

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქაშუეთის ტაძარში ნიუ-ჯერსიში გარდაცვლილი 2 ქართველი კურსანტის პანაშვიდზე იმყოფებოდა.

„ძალიან მძიმე დღეა, ჩვენ ვართ ძალიან შეწუხებულები. მინდა სამძიმარი გამოვუცხადო გარდაცვლილი ვაჟკაცების ოჯახებს. ჩვენ ვიზიარებთ მათ მწუხარებას. საქართველომ დაკარგა ორი ღირსეული ჯარისკაცი. ისინი იყვნენ ძალიან წარჩინებული კურსანტები. მათი სწავლის დასრულების შემდეგ, იგეგმებოდა დაბრუნება საქართველოში, რათა ემსახურათ ქვეყნისთვის, ხალხისთვის. კიდევ ერთხელ ვიზიარებ მათი ოჯახების მწუხარებას. მინდა მივუსამძიმრო მთელ ჯარს და შეიარაღებულ ძალებს, მათ მეგობრებს, ყველას, ვინც დამწუხრებულია დღევანდელი დღით“, - განაცხადა პრემიერმა.

რიგითი სოსო მაკარიძე და რიგითი ბესარიონ გორჯოლაძე ნიუ-ჯერსის შტატში მომხდარი ავტოავარიის შედეგად 8 მარტს დაიღუპნენ.

ორივე ახალგაზრდა დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში მსმენელად ირიცხებოდა და აშშ-ის საზღვაო თავდაცვის აკადემიაში სწავლობდა.

რიგითი სოსო მაკარიძე ნიუ-ჯერსიში აშშ-ის საზღვაო თავდაცვის აკადემიის IV კურსის მსმენელი იყო. ის აკადემიაში 2011 წლიდან სწავლობდა. II კურსის მსმენელი, რიგითი ბესარიონ გორჯოლაძე კი, საზღვაო თავდაცვის აკადემიაში 2013 წლიდან ირიცხებოდა.

ქართველი კურსანტების გადმოსვენებისა და დაკრძალვის ხარჯებს თავდაცვის სამინისტრო დაფარავს.