საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და კომუნიკაციის დეპარტამენტი რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთში მოქმედ რუსეთის მიერ შექმნილ საოკუპაციო რეჟიმს შორის "კოორდინირებული საგარეო პოლიტიკის რეალიზაციის მექანიზმის შესახებ მემორანდუმის" ხელმოწერას ეხმიანება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, 11 მარტს, ქ. მოსკოვში, რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის რეგიონში მოქმედი რუსეთის საოკუპაციო რეჟიმს შორის ხელი მოეწერა ე.წ. "მემორანდუმს კოორდინირებული საგარეო პოლიტიკის რეალიზაციის მექანიზმის შესახებ". საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს აღნიშნულ ფაქტს და აფასებს მას, როგორც საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეშ დარღვევას.
"აფხაზეთი არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი და არ წარმოადგენს დამოუკიდებელი საერთაშორისო სამართლის სუბიექტს. შესაბამისად, აფხაზეთში მოქმედ რუსეთის საოკუპაციო რეჟიმთან დადებული ნებისმიერი სახის "შეთანხმება" არის იმთავითვე ბათილი და ვერ წარმოშობს რაიმე სამართლებრივ შედეგს. ამის მიუხედავად, ე.წ. "მემორანდუმის" ხელმოწერა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რუსეთის ფედერაცია აგრძელებს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების საბოლოო ანექსიისკენ მიმართულ პოლიტიკას", - აცხადებენ საგარეო უწყებაში.
მათივე ინფორმაციით, აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რამდენიმე საკითხზე ისაუბრა, რომლებიც სამინისტროს აზრით შესაბამის კომენტარს საჭიროებს.
"ბ-ნი ლავროვის განმარტება წარმოადგენს "საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ" შეთანხმების ცალმხრივ ინტერპრეტაციას და ეწინააღმდეგება მის არსს. შეთანხმება დადებულია საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის, უკანონო ვაჭრობის აღკვეთის, მათ შორის არსებული ტვირთბრუნვის აღრიცხვის მიზნით და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესდების ტრანსპარენტულობის მუხლის უზრუნველყოფას ემსახურება. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ლავროვის განცხადების საპირისპიროდ შეთანხმება სწორედ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფას ემსახურება და მისი ძირითადი არსია ტვირთების უკანონო მოძრაობის აღკვეთა, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე - შეთანხმებით განსაზღვრულ სატრანსპორტო კორიდორებში", - აცხადებენ სამინისტროში.
მათივე შეფასებით, ყურადღებას იმსახურებს აგრეთვე პასაჟი საქართველოს რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთზე მოძრაობის გახსნის თაობაზე.
"რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებამ შესაძლოა შექმნას შთაბეჭდილება, რომ საქართველოს რკინიგზის ამ მონაკვეთზე მოძრაობის გახსნის მიმართ თბილისი დიდ დაინტერესებას ამჟღავნებს, სინამდვილეში საქართველოს არც ერთ ფორმატში არ დაუყენებია რუსეთთან დიალოგისას ეს საკითხი და ამდენად სერგეი ლავროვის მიერ გაჟღერებული მზადყოფნა უადგილო და გაუგებარია. სამწუხაროა, მაგრამ გვიწევს კონსტატირება, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების უგულვებელყოფა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დამახასიათებელ ატრიბუტად იქცა", - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
საგარეო უწყება მოუწოდებს რუსეთის მხარეს პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში და დაიცვას საკუთარი საერთაშორისო ვალდებულებები.