პროკურატურა სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

პროკურატურა სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

ფოტოკორესპონდენტ ირაკლი გედენიძის ცემაში ბრალდებულ ივანე ბეგიაშვილისთვის 3 ათას ლარიანი გირაოს შეფარდების საკითხზე მოსამართლის განჩინებას პროკურატურა გაასაჩივრებს. როგორც პროკურორმა გულნარა ოქრუაშვილმა განაცხადა, სასამართლოს გადაწყვეტილებას ბრალდების მხარე არ ეთანხმება და კანონით დადგენილ ვადებში სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.

რაც შეეხება ბრალდებულს, ივანე ბეგიაშვილის ოჯახი გირაოს სახით უზრუნველყოფას სავარაუდოდ დღეს მოახერხებს და ბრალდებულს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან დღესვე გაანთავისუფლებენ. ამის შესახებ აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებული პროცესის შემდეგ ჟურნალისტებს ბეგიაშვილის ადვოკატმა ლოტბერდი კუპატაძემ განუცხადა.

ადვოკატი სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას სამართლიანად აფასებს.

აღნიშნულ საქმეზე  წინასასამართლო სხდომა 20 აპრილს ჩაინიშნა.

"ინტერპრესნიუსის" ფოტოკორესპონდენტი ირაკლი გედენიძე აქციის მონაწილემ 4 მარტს სცემა. გედენიძე "ვარდების მოედანზე" აქციას, სახელწოდებით, "შემოულაწუნე" აშუქებდა, როდესაც ერთ-ერთი ავტომანქანიდან გადმოსულმა აქციის მონაწილემ ის "პროვოკაციაში დაადანაშაულა", ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ფოტოკამერა დაუმტვრია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძალადობით ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, ერთი პირი - ივანე ბეგიაშვილი დააკავა.

გამოძიება ძალადობით ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლისა და ნივთის დაზიანება ან განადგურების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 188-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).