ხადიჯა ისმაილოვას წინასწარი პატიმრობის ვადა გაუხანგრძლივეს

ხადიჯა ისმაილოვას წინასწარი პატიმრობის ვადა გაუხანგრძლივეს

აზერბაიჯანის სასამართლომ რადიო "თავისუფლების" ბაქოს ბიუროს ჟურნალისტს, ხადიჯა ისმაილოვას წინასწარი პატიმრობის ვადა 24 მაისამდე გაუხანგრძლივა. ამის შესახებ თავად რადიო "თავისუფლება" იტყობინება.

ხადიჯა ისმაილოვა, რომელიც საგამოძიებო ჟურნალისტიკით იყო დაკავებული, რამდენიმე თვის წინ ბაქოში დააკავეს. თავდაპირველად მას ბრალი თანამშრომლის თვითმკვლელობამდე მიყვანის მცდელობაში დასდეს და წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. მოგვიანებით, მას გადასახადების თავიდან არიდების, ქონების მითვისების, უკანონო მეწარმეობისა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების მუხლები დაუმატეს. თუ მას სასამართლომ ყველა ეს ბრალდება დაუმტკიცა, ჟურნალისტს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ ხადიჯა ისმაილოვას წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები პოლიტიკურად მოტივირებულია.