ჩვენ მთავრობის წინაშე ვიყავით პასუხისმგებელი და 5 მარტს ინფორმაცია მას წარვუდგინეთ

ჩვენ მთავრობის წინაშე ვიყავით პასუხისმგებელი და 5 მარტს ინფორმაცია მას წარვუდგინეთ

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ეკონომიკური სტაბილიზაციის გეგმის წარმოდგენასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოწოდებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ის ანგარიშვალდებული მთავრობის წინაშეა .

როგორც ხადურმა ეკონომიკურ საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის, გიორგი აბაშიშვილის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებაზე კომენტირებისას ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, აღნიშნულის შესაბამისად, მან და ეკონომიკის მინისტრმა 5 მარტს ინფორმაცია მთავრობას წარუდგინეს.

"ჩვენ საქართველოს მთავრობის წინაშე ვიყავით პასუხისმგებელი და მთავრობას წარვუდგინეთ კიდეც 5 მარტს ინფორმაცია. ეს ინფორმაცია საზოგადოებისთვის ცნობილია", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია მთავრობას შეახსენებს, რომ სავალუტო სტაბილიზაციის გეგმა აქვთ წარმოსადგენი. ამის შესახებ პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"გასულ კვირას საქართველოს პრეზიდენტი შეხვდა მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლებს. აღნიშნულ შეხვედრაზე ჩვენი მოწვევის მიუხედავად, გაურკვეველ მიზეზთა გამო არ იმყოფებოდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. შეხვედრის შედეგად საქართველო მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრები პრეზიდენტს და საზოგადოებას დაჰპირდნენ, რომ წარმოადგენდნენ სავალუტო სტაბილიზაციის კონკრეტულ გეგმას, რომელიც შემუშავებული იქნებოდა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობით 5 მარტს. სამწუხაროდ, ამ დრომდე მსგავსი გეგმა წარმოდგენილი არ არის. შესაბამისად, ჩვენ გვინდა შევახსენოთ პროცესში მონაწილე ყველა პირს საზოგადოების წინაშე მათი პოლიტიკური პასუხისმგებლობა და ვალდებულება, წარმოდგენილ იქნას სტაბილიზაციის გეგმა", - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.