პროკურატურა ირაკლი გედენიძის ცემაში ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს

პროკურატურა ირაკლი გედენიძის ცემაში ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს

ფოტოკორესპონდენტ ირაკლი გედენიძის ცემაში ბრალდებული ივანე ბეგიაშვილისთვის პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

როგორც საქალაქო სასამართლოში აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებული პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებს ბეგიაშვილის ადვოკატმა ლოტბერდი კუპატაძემ განუცხადა, აღნიშნული შუამდგომლობის საპასუხოდ დაცვის მხარე მოითხოვს, რომ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების არც ერთი სახე არ იქნას გამოყენებული.

ადვოკატი ამის არგუმენტად ასახელებს იმ ფაქტს, რომ მისმა დაცვის ქვეშ მყოფმა არ იცოდა ვინ იყო ირაკლი გედენიძე და იყო თუ არა იგი ფოტოკორესპონდენტი. ამასთან, ადვოკატის თქმით, ივანე ბეგიაშვილი ბრალს ნაწილობრივ აღიარებს. კერძოდ, ცემის ნაწილში თავს დამნაშავედ ცნობს, თუმცა რაც შეეხება ჟურნალისტისთვის საქმიანობის დროს ხელის შეშლის ბრალდებას, ადვოკატი აცხადებს, რომ აღნიშნულ ნაწილში მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს.

"ინტერპრესნიუსის" ფოტოკორესპონდენტი ირაკლი გედენიძე აქციის მონაწილემ 4 მარტს სცემა. გედენიძე "ვარდების მოედანზე" აქციას, სახელწოდებით, "შემოულაწუნე" აშუქებდა, როდესაც ერთ-ერთი ავტომანქანიდან გადმოსულმა აქციის მონაწილემ ის "პროვოკაციაში დაადანაშაულა", ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ფოტოკამერა დაუმტვრია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძალადობით ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, ერთი პირი - ივანე ბეგიაშვილი დააკავა.

გამოძიება ძალადობით ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლისა და ნივთის დაზიანება ან განადგურების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 188-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).