ვადებზე ლაპარაკი, რომ მთავრობამ სამოქმედო გეგმა კონკრეტულ რიცხვამდე წარმოადგინოს, არასერიოზული მიდგომა მგონია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ განუცხადა. მისივე განმარტებით, აღნიშნული თემის გარშემო აჟიოტატის და სკანდალის ატეხა ვისი სტილია, საზოგადოებამ იცის და "ყველას" მოუწოდებს ამ სტილს ნუ აყვებიან.
"ვადებზე იყო ლაპარაკი, რომ მთავრობას გეგმა კონკრეტულ რიცხვამდე უნდა წარმოედგინა. არასერიოზული მიდგომა მგონია ეს საერთოდ. გეგმაზე მუშაობა მიმდინარეობს, ყველა თემაზე კი რიგგარეშე სესიის მოწვევა, კომისიების შექმნა გარკვეულ უხერხულ მდგომარეობას და ზედმეტ დაძაბულობას ქმნის ქართულ საზოგადოებაში. არსებობს მთავრობა, რომელსაც ეფექტურად შეუძლია იმოქმედოს და დაველოდებით რა გეგმას წარმოადგენს. ყველა დაინტერესებულია ამით. აჟიოტატის ატეხვა და სკანდალის ატეხვა ამის გარშემო, ვისი სტილია ვიცით და ამ სტილს ნუ აყვებიან ყველას მოვუწოდებ", - განაცხადა ვოლსკიმ.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია მთავრობას შეახსენებს, რომ სავალუტო სტაბილიზაციის გეგმა აქვთ წარმოსადგენი. ამის შესახებ პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"გასულ კვირას საქართველოს პრეზიდენტი შეხვდა მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლებს. აღნიშნულ შეხვედრაზე ჩვენი მოწვევის მიუხედავად, გაურკვეველ მიზეზთა გამო არ იმყოფებოდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. შეხვედრის შედეგად საქართველო მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრები პრეზიდენტს და საზოგადოებას დაჰპირდნენ, რომ წარმოადგენდნენ სავალუტო სტაბილიზაციის კონკრეტულ გეგმას, რომელიც შემუშავებული იქნებოდა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობით 5 მარტს. სამწუხაროდ, ამ დრომდე მსგავსი გეგმა წარმოდგენილი არ არის. შესაბამისად, ჩვენ გვინდა შევახსენოთ პროცესში მონაწილე ყველა პირს საზოგადოების წინაშე მათი პოლიტიკური პასუხისმგებლობა და ვალდებულება, წარმოდგენილ იქნას სავალუტო სტაბილიზაციის გეგმა", - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.