ქვეყნის დანგრევის ილუზია და სურვილი თუ ვინმეს აქვს, ღიად განაცხადოს

ქვეყნის დანგრევის ილუზია და სურვილი თუ ვინმეს აქვს, ღიად განაცხადოს

არ იყო იმის აუცილებლობა, რომ არიქა 5 მარტს წარმოედგინა მთავრობას სამოქმედო გეგმა. მოდით რა, ქვეყნის დანგრევის ილუზია და სურვილი თუ ვინმეს აქვს, ღიად განაცხადოს , - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ განუცხადა.

მისივე განმარტებით, უმჯობესია ნაჩქარევად მომზადებული დოკუმენტის ნაცვლად მთავრობამ მასზე უფრო მეტი იფიქროს და საზოგადოებას "კარგად დამუშავებული" სახით წარუდგინოს.

"მე, აბსოლუტურად ვეთანხმები იმას, რომ ქვეყანაში გარეშე ფაქტორებისა და გარე შოკების გამო შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, მთავრობა გარკვეულად ცვლის რაღაც ნიუანსებს. ეს არ არის ისეთი უმნიშვნელო საკითხი, რომ შეიძლებოდეს ამის ნაჩქარევად - 2 დღეში, 3 დღეში ან 5 დღეში გაკეთება. დამერწმუნეთ, არაფერი მნიშვნელობა არ აქვს 5 მარტს იქნებოდა პროგრამა წარმოდგენილი თუ 15-ში. ასე რომ, საუბარი, არიქა 5 მარტს უნდა წარმოედგინათ, თუ არადა ქვეყანა ინგრევაო, მოდით რა, ქვეყნის დანგრევის ილუზია და სურვილი თუ ვინმეს აქვს, ღიად განაცხადოს, თორემ ამის აუცილებლობა არ არის. გვირჩევნია დოკუმენტი იყოს უფრო კარგად დამუშავებული და უფრო კარგად გამაგრებული, ვიდრე ნაჩქარევი იმიტომ, რომ რომელიმე ოპოზიციურ ძალას სჭირდება ასეთ დოკუმენტზე განცხადების გაკეთება", - განაცხადა დავით საგანელიძემ.

რაც შეეხება "ნაციონალური მოძრაობის" მოთხოვნას, რომელიც პრეზიდენტს ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით რიგგარეშე საპარლამენტო სხდომის მოწვევის წინადადებით კიდევ ერთხელ მიმართავს, უმრავლესობის ლიდერის შეფასებით, აღნიშნული პოლიტიკურ ძალას რიგგარეშე სხდომის ჩატარების თაობაზე "ქრონიკული დაავადება" აქვს.

"როცა სხვა საქმე არ გაქვს და მხოლოდ პიარისა და დემაგოგიისთვის იბრძვი, რასაც ეს პოლიტიკური ძალა წლების განმავლობაში აკეთებდა, არ გამიკვირდება, რომ ყოველი კვირის დასაწყისში, ყოველი კვირის ბოლოს "ნაცმოძრაობამ" რიგგარეშე სხდომის მოწვევის საკითხზე გააკეთოს განცხადებები. ეს, ალბათ, მათი ქრონიკული დაავადება იქნება", - აღნიშნა საგანელიძემ.