ქართველი პროკურორები სტრასბურგში სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდნენ

ქართველი პროკურორები სტრასბურგში სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდნენ

საქართველოს პროკურატურის თანამშრომლები სტრასბურგში სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდნენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" პროკურატურიდან აცნობეს, ოთხდღიანი ვიზიტის ფარგლებში, პროკურორები დაკავებისა და პატიმრობის საერთაშორისო სტანდარტებს გაეცნენ, მიიღეს ინფორმაცია საქართველოს წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების შესახებ და დაესწრნენ სასამართლო სხდომას.

ქართველმა პროკურორებმა შეხვედრები გამართეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში და ევროსაბჭოში საქართველოს წარმომადგენლობასთან, ასევე წამების პრევენციის კომიტეტის, პროკურორთა საკონსულტაციო საბჭოს სამდივნოს, ადამიანის უფლებათა კომისრის ოფისის, მართლმსაჯულებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის და ევროპის სოციალური ქარტიის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან.

პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებისა და პატიმრობის სტანდარტებთან დაკავშირებით პროკურორთა სწავლების პროცესი ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ექსპერტის, ევროკავშირის პროექტის კონსულტანტის ჯერემი მაკბრაიდის მონაწილეობით 2014 წელს დაიწყო. სწავლების მეორე ეტაპი სტრასბურგში განხორციელდა. სათანადოდ მომზადებული პროკურორები 2015 წელს დაკავებისა და პატიმრობის ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობით გათვალისწინებულ სტანდარტებთან დაკავშირებით სხვა თანამშრომლებს გადაამზადებენ.

სწავლების მიზანია დაკავებისა და პატიმრობის მოთხოვნის დასაბუთებულობის, მოქმედი პრაქტიკის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა. პროგრამა ევროკავშირისა და ევროსაბჭოს მხარდაჭერით ხორციელდება.