მზად ვართ ნინო გვენეტაძესთან დაკავშირებით დასმულ ნებისმიერ შეკითხვას ნებისმიერ ფორმატში ვუპასუხოთ

მზად ვართ ნინო გვენეტაძესთან დაკავშირებით დასმულ ნებისმიერ შეკითხვას ნებისმიერ ფორმატში ვუპასუხოთ

ჩვენ ველით, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე პრეზიდენტის მიერ შერჩეული კანდიდატი პარლამენტის მიერ მხარდაჭერილი იქნება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი კვერენჩხილაძემ სასტუმრო "რედისონში"განუცხადა, სადაც ამ პოსტზე წარდგენილი ნინო გვენეტაძე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

კვერენჩხილაძის განმარტებით, მათ აღნიშნული მოლოდინის საფუძველს ის უპრეცენდენტო პროცესი აძლევს, რომელიც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევის მიზნით პრეზიდენტის ინიციატივით წარიმართა. "ახლა მიმდინარეობს პროცესი, რომელიც ქართული სამართლებრივი და პოლიტიკური რეალობისთვის და არა მარტო ქართულისთვის, არის ფაქტობრივად უპრეცედენტო. არც ერთი სახელმწიფო თანამდებობის პირის არჩევა არ განხორციელებულა ასე გამჭვირვალედ, მკაფიოდ და საზოგადოების მონაწილეობით. პრეზიდენტის მიერ შერჩეული კანდიდატი უკვე შეხვდა პარლამენტის გარკვეული კომიტეტისა და ფრაქციების წარმომადგენლებს, მაგრამ თუ კიდევ რაიმე კითხვა არსებობს ნინო გვენეტაძესთან მიმართებაში, მე, როგორ პრეზიდენტის წარმომადგენელი, გამოვთქვამ მზადყოფნას ამ შეკითხვებს ნებისმიერ ფორმატში ვუპასუხოთ. თუ შეკრებისთვის დროის გამონახვა გარკვეულ სირთულეს წარმოადგენს, მედიით, საჯაროდ შეიძლება დაისვას კითხვები. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ შეკითხვაზე, ნებისმიერ ფორმატში პასუხის გასაცემად. რაც შეეხება მოლოდინებს, იმ უპრეცედენტოდ ღია და გამჭვირვალე პროცესის შემდგომ, რაც პრეზიდენტის ინიციატივით განხორციელდა და რაც დღემდე გრძელდება, ჩვენ ველით და გვაქვს იმის სრული შეგრძნება, რომ კანდიდატი პარლამენტის მიერ იქნება მხარდაჭერილი", - აღნიშნა გიორგი კვერენჩხილაძემ.