საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, თამარ ბერუჩაშვილის განცხადებით, ევროკავშირთან ვიზების ლიბერალიზაციის ყველა პროცედურას გეგმის მიხედვით მიყვებიან. როგორც თამარ ბერუჩაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამ ეტაპზე პრაქტიკულად დარჩენილია რამდენიმე კვირა, რომლის განმავლობაში ექსპერტები გააგრძელებენ შესაბამისი უწყებების შემოწმებას და მონიტორინგს, ვალდებულებების შესრულებასთან და იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც განსაზღვრულია სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმაში.
"ამის შემდეგ ჩვენ ველოდებით სპეციალური ანგარიშის მომზადებას, რომელშიც ასევე ჩართული ვიქნებით. პროცედურების მიხედვით, ევროკომისიამ საბოლოო ანგარიში უნდა გამოაქვეყნოს რიგის სამიტის წინ. ჩვენ ვმუშაობთ და იმედი გვაქვს, რომ ეს ანგარიში იქნება პოზიტიური, რომელიც იქნება ძალიან კარგი საფუძველი შემდგომი ეტაპისთვის - პოლიტიკური მხარდაჭერის მობილიზაციისთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან, რათა მიღებული იქნას საბოლოო გადაწყვეტილება.
პარალელურად, საგარეო საქმეთა სამინისტრო და სხვა უწყებების წარმომადგენლები ახორციელებენ ვიზიტებს ევროკავშირის დედაქალაქებში, ხვდებიან ყველა შესაბამის უწყებას, პარტნიორებს და ესეც არის ნაწილი პოლიტიკური მხარდაჭრის მობილიზაციის ნაწილი", - განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა.
მინისტრმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ რიგის სამიტზე პოლიტიკური გადაწყვეტილება მოსალოდნელი არ არის.
"რიგის სამიტზე ჩვენ ველოდებით პოზიტიურ ანგარიშს ტექნიკური საკითხების დასრულებასთან დაკავშირებით, რაც არის ევროკომისიის კომპეტენცია", - აღნიშნა ბერუჩაშვილმა.