ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ლატვიის დედაქალაქ რიგაში იკრიბებიან. ისინი არაფორმალურ შეხვედრას გამართავენ, რომლის მთავარი თემაც უკრაინის კრიზისია. ამის შესახებ ევროკავშირის ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება.
ევროპელი მაღალჩინოსნები ორი დღის განმავლობაში რუსეთის აგრესიის შესახებ იმსჯელებენ. ბალტიისპირეთის ქვეყნები ბოლო პერიოდში განსაკუთრებით შეშფოთებულები არიან რუსეთის მხრიდან აგრესიული ქმედებების გამო.
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანი მაიკლ ფალონი რუსეთის ქმედებებს ბალტიისპირეთის ქვეყნებისათვის "რეალურ და ამჟამინდელ საფრთხეს" უწოდებს. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე ერთი დღით ადრე კი რუსეთმა სამხედრო წვრთნები დაიწყო ანექსირებული ყირიმის, ასევე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზეც, რაც "ბიბისის" ცნობით, კიდევ დამატებით შეშფოთებას იწვევს.
ლატვია, რომელიც ევროპელი მაღალჩინოსნების შეხვედრას მასპინძლობს, ამ დროისთვის ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანაა.