საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, შვეიცარიის საელჩოს გავლით, რუსეთს საპროტესტო ნოტას გადასცემს. ამის შესახებ ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა განუცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე წარმოებული წვრთნები არის ნაბიჯი, რომელიც კიდევ ერთხელ არღვევს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს.
"რუსეთის ეს ნაბიჯი ასევე არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს, ასევე ყველა ხელშეკრულებას, რომელსაც რუსეთი აწერს ხელს, მათ შორის არის 2008 წლის აგვისტოს შეთანხმება", - განაცხადა ბერუჩაშვილმა.
მისივე თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე სამხედრო წვრთნებთან დაკავშირებით საგარეო უწყებამ დროულად აცნობა პარტნიორებს მსოფლიოს ყველა წერტილში. ასევე საქართველოს საელჩოებს სხვადასხვა ქვეყანაში მიეცათ ინსტრუქცია, რომ მათ ადგილსამყოფელ დედაქალაქებში მოლაპარაკებები გამართონ.
რუსეთის ფედერაციის სამხრეთ სამხედრო ოლქში და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე - ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში, სულ თორმეტ პოლიგონზე დაიწყო მასშტაბური სამხედრო საველე წვრთნები, რომელშიც მონაწილეობენ სხვადასხვა სამხედრო ნაწილები და შენაერთები, მათ შორის საჰაერო თავდაცვის დანაყოფები.
სამხედრო მოსამსახურეები გადიან მასშტაბურ საარტილერიო სწავლებას სხვადასხვა საცეცხლე სისტემებიდან სროლებში. სწავლებაში გამოიყენება ისეთი თანამედროვე შეტევითი ხასიათის სახეობები, როგორიცაა საზენიტო სარაკეტო კომპლექსები - (ПЗРК) "Игла", საზენიტო საქვემეხო-სარაკეტო კომპლექსები - "Тунгуска", საზენიტო საარტილერიო კომპლექსები "Шилка", საზენიტო სარაკეტო სისტემები С-300В, Стрела-10, "Тор" და "Оса". სულ საველე წვრთნებში მონაწილეობას იღებს 2 000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე და ხუთასზე მეტი ერთეული სამხედრო ტექნიკა.