ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებული თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების ადვოკატებისთვის ცნობილი იყო, რომ აღნიშნული საქმის ფინანსურ ნაწილს აუდიტის სამსახური სწავლობდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" დაკავებულების ადვოკატმა ლევან სამუშიამ განუცხადა, დაცვის მხარე აუდიტის სამსახურის მიერ, დასკვნის დადების შემდეგ გააკეთებს შეფასებას.
ადვოკატმა კომენტარი გააკეთა პროკურატურის მხრიდან, დაკავებულების წინასასამართლო სხდომის რამდენიმეჯერ გადადებაზე.
"პროკურატურას მტკიცებულებები არ გააჩნია და შესაბამისად, საქმის გადადების მოტივი ეს იყო", - განაცხადა ლევან სამუშიამ.
საქართველოს მთავარი პროკურატურის თხოვნით, თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებთან დაკავშირებული ე.წ. კაბელების საქმის ფინანსურ ნაწილს აუდიტის სამსახური სწავლობს.
როგორც ჟურნალისტებს გენერალურმა აუდიტორმა, ლაშა თორდიამ განუცხადა, უწყებამ აუდიტის სამსახურს ე.წ. კაბელებთან დაკავშირებული საქმის მასალები 2014 წლის დეკემბერში გადაუგზავნა. თორდიას თქმით, გახმაურებული საქმის ფინანსური ნაწილის შემოწმება უკვე დაწყებულია და მასზე მუშაობა უახლოეს პერიოდში დასრულდება.