"ეს წვრთნები არის ძალის დემონსტრირება მსოფლიოს წინაშე"

სახელმწიფო მინისტრის შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე წვრთნები არამარტო საქართველოს არამედ მსოფლიოს წინააღმდეგაა მიმართული.

პაატა ზაქარეიშვილის განცახდებით, რუსეთის სამხედრო ნაწილების წვრთნები საქართველოს უკუპირებულ ტერიტორიებზე ძალის დემონსტრირებაა, ამიტომ მსოფლიო ყურადღებით უნდა დააკვირდეს ამ პროცესებს.

"აშკარად ჩანს, რომ ეს წვრთნები არ არის მიმართული მხოლოდ საქართველოს წინააღმდეგ, თუმცა ეს იგულისხმება ბუნებრივია. ეს არის ძალის დემონსტრირება მსოფლიოს წინაშე და მემგონი, ეს ის შემთხვევაა, როდესაც მსოფლიო უფრო ყურადღებით უნდა აკვირდებოდეს რუსეთის ქმედებებს, რომ ის არ არის მხოლოდ უკრაინის და საქართველოს წინააღმდეგ მიმართული, ეს არის ძალის დემონსტრირება, რომ როგორც არ უნდა იქცეოდეს დასავლური სამყარო რუსეთთან მიმართებაში, რუსეთი მაინც თავხედურად განაგრძობს თავის პოლიტიკას",-განაცხად ზაქარეიშვილმა

შეგახსენებთ, რომ 2015 წლის 5 მარტს რუსეთის ფედერაციის სამხრეთ სამხედრო ოლქში და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე - ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში, სულ თორმეტ პოლიგონზე დაიწყო მასშტაბური სამხედრო საველე წვრთნები, რომელშიც მონაწილეობენ სხვადასხვა სამხედრო ნაწილები და შენაერთები, მათ შორის საჰაერო თავდაცვის დანაყოფები. სამხედრო მოსამსახურეები გადიან მასშტაბურ საარტილერიო სწავლებას სხვადასხვა საცეცხლე სისტემებიდან სროლებში. სულ საველე წვრთნებში მონაწილეობას იღებს 2 000-ზე  მეტი სამხედრო მოსამსახურე და ხუთასზე მეტი ერთეული სამხედრო ტექნიკა.

აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს უკიდურეს შეშფოთებას და მოითხოვს რუსეთის ფედერაციისაგან ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, საქართველოს ტერიტორიიდან შეიარაღებული ძალების გაყვანას და საქართველოს რეგიონების დეოკუპაციას.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას ადეკვატური რეაგირება მოახდინოს რუსეთის ფედერაციის მორიგ დესტრუქციულ ნაბიჯზე და არ დაუშვას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შელახვისკენ მიმართული მორიგი ქმედება.