"ნაციონალურმა მოძრაობამ" 21 მარტის აქციის მოსამზადებლად რეგიონებში შეხვედრები დაიწყო. როგორც "ინტერპრესნიუსს" "ნაციონალური მოძრაობიდან" აცნობეს, შეხვედრები ონსა და ამბროლაურში გაიმართა. პარტიის წევრის ზურაბ ჯაფარიძის ინფორმაციით, ორივეგან ხელისუფლებამ მიაგზავნა ადგილობრივ თვითმმართველობაში დასაქმებული ადამიანები, რომლებმაც შეხვედრების ჩაშლა სცადეს.
"ესეთი რაღაცეები არ მუშაობს, იმიტომ რომ მოსახლეობაში არის განწყობა, საყოველთაო კონსესუნსია, რომ ხელისუფლება არის უნიათო, არაფრის გამკეთებელი. არცერთ რაიონში არაფერი არ გაუკეთებიათ. ხალხი მზად არის, გამოვიდეს და მოითხოვოს ამ მთავრობის გადადგომა", - განაცხადა ჯაფარიძემ.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ნუგზარ წიკლაურმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ ყველა რეგიონში ერთი და იგივე პრობლემებია და ადამიანები ამბობენ, რომ მილიარდერმა ისინი მოატყუა.
"ქართულმა ოცნებამ" და მთავრობამ დღეს იკადრა ის, რომ აგზავნის ადამიანების ჯგუფებს, რათა ოპოზიციური პარტიის შეკრებები ჩაშალოს. ნებისმიერ ქვეყანაში ეს ნიშნავს იმას რომ მთავრობამ ნდობის კრედიტი ამოწურა, ის არის მთალიანად გაკოტრებული მოსახლეობის წინაშე და ერთადერთი, რითაც შეუძლიათ თავი გამოიჩინონ, არის ასეთი ხულიგნობა. მაგრამ საზოგადოების განწყობა არის მტკიცე, საზოგადოების განწყობა დაფიქსირდა დღეს და ჩვენ ვფიქრობთ რომ ათეულობით ათასი ადამიანი ჩამოვა თბილისში და გამოხატავს თავის პროტესტს ამ უუნარო მთავრობის წინააღმდეგ. და აუცილებლად მივაღწევთ იმ მიზანს რომელიც არის ამ მიტინგზე განსაზღვრული. ეს არის უნიათო მთავრობის გადაგომა და საქართველოს განვითარების შესაძლებლობის აღდგენა.", - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.