აუდიტის სამსახურმა, თბილისის მერიის თხოვნით, მათი ფინანსური შემოწმება გადადო. როგორც გენერალურმა აუდიტორმა, ლაშა თორდიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მერიამ შემოწმების გადავადება იმ მიზეზით სთხოვა, რომ მასალების დიდი ნაწილი პროკურატურას აქვს ამოღებული.
"თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, როცა მერიაში ახალი ხელისუფლება მივიდა, ჩვენ მათ მივწერეთ წერილი, რომ მოეწოდებინათ ინფორმაცია იმ მასალების შესახებ, რომლებიც მერიაში იყო დარჩენილი (ვიცოდით, რომ გარკვეული მასალები პროკურატურაში იყო გადაგზავნილი). მოგვივიდა პასუხი, რომ პროკურატურის მიერ მთელი რიგი დოკუმენტაცია იყო ამოღებული და გვთხოვეს, აუდიტის სამსახური არ შესულიყო მერიაში, სანამ საგამოძიებო უწყება შესწავლას არ დაასრულებდა და დოკუმენტაციის სისტემატიზაცია არ მოხდებოდა. ჩვენც ამის გამო შევიკავეთ თავი თბილისის მთავრობაში შესვლისგან, თუმცა მიმდინარე წლის განმავლობაში მაინც ვაპირებთ, რომ მერიის შემოწმება განვახორციელოთ", - განაცხადა ლაშა თორდიამ.
რაც შეეხება მიმდინარე შემოწმებებს, მისი ინფორმაციით, აუდიტორები თითქმის ყველა სამინისტროში არიან შესულები.
"მათ შორის მიმდინარეობს მთავრობის ადმინისტრაციის შემოწმება, რასაც, ალბათ, ერთი თვის ვადაში დავასრულებთ. როგორც კი აუდიტორთა ჯგუფი გათავისუფლდება, შევალთ სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში. უკვე ვამოწმებთ შინაგან საქმეთა სამინისტროსაც", - აღნიშნა თორდიამ.