"საქართველო-თურქეთისა და აზერბაიჯანის ეკონომიკურ ურთიერთობებში, ბოლო წლები ყველაზე ნაყოფიერია"

ირაკლი ღარიბაშვილი დარწმუნებულია, რომ საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ეკონომიკურ ურთიერთობებში რეგიონის მნიშვნელოვან მოთამაშედ ქცევის საკმარისი პოტენციალი აქვთ.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბათუმში მიმიდინარე თურქეთი-საქართველო-აზერბაიჯანის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეგიონის ძირითადი მოთამაშეები ქვეყანაში ძლიერად იყვნენ  წარმოდგენილი.

"საქართველოსთვის თურქეთი და აზერბაიჯანი ნამდვილი მეგობარი სახელმწიფოები, მთავარი სტრატეგიული პარტნირები არიან და ყოველთვის ვაფიქსირებთ მზაობას, კიდევ უფრო გავაღრმავით ჩვენი მეგობრული ურთიერთობები. ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, რომ ეს ფორუმი ტარდება ბათუმში და დარწმუნებული ვარ, მოგვცემს შესაძლებლობას, კიდევ უფრო ინტენსიურად ითანამშრომლონ ჩვენმა ბიზნესმენებმა. როგორც წესი, სწორედ ასეთი ფორმატი უწყობს ხელს საკითხების უფრო ეფექტურად გადაწყვეტას, ასევე სამომავლო გეგმების დასახვას. იმედი მაქვს, რომ ჩვენი შეხვედრა ნაყოფიერი იქნება და არაერთ ახალ ინიციატივას ჩაეყრება საფუძველი. დღეს კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ აზერბაიჯანთან და თურქეთთან ჩვენ სამაგალითო კეთილმეზობლური და მეგობრული ურთიერთობები გვაკავშირებს, რითაც მე პირადად ვამაყობ. ჩვენთვის საამაყოა, როცა ასეთი ძლიერი პარტნიორები გყავს, რომლებიც  მსოფლიოში სხვადასხვა ბიზნესსექტორში მოწინავე პოზიციებზე არიან. უკანასკნელი წლები საქართველო-თურქეთის და საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკურ ურთიერთობებში, შეიძლება ითქვას, ყველაზე ნაყოფიერი პერიოდია. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში ეს ტენდენცია შენარჩუნდება და ჩვენი თანამშრომლობა ხელს შეუწყობს უფრო მეტი საინტერესო და წარმატებული პროექტის განხორციელებას", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, მთავრობა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე, ბიზნესის ხელშეწყობასა და წახალისებაზე მაქსიმალურად ზრუნავს.

"ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ, რომ საქართველოში კიდევ უფრო მიმზიდველი საინვესტიციო გარემო შევქმნათ და ხელი შევუწყოთ ინვესტიციების შემოსვლას საქართველოში. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ქვეყნებს - საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს აქვთ საკმარისი პოტენციალი და შეგვწევს იმის ძალა, რომ მთლიანად რეგიონი ვაქციოთ მნიშვნელოვან მოთამაშედ აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ეკონომიკურ ურთიერთობებში. კიდევ ერთხელ მადლობას მოგახსენებთ ჩამობრძანებისათვის, წარმატებებს გისურვებთ შემდგომ მუშაობაში და მინდა როგორც მთავრობის მეთაურმა გითხრათ, რომ ჩვენი ქვეყნის კარი ყოველთვის ღიაა თქვენთვის. მინდა კიდევ ერთხელ დაგარწმუნოთ, რომ საქართველოში ნამდვილად არის  სამართლიანი, გამჭვირვალე და უსაფრთხო საინვესტიციო გარემო და თქვენს მიერ განხორციელებული ინვესტიციის თითოეული ცენტი იქნება მაქსიმალურად დაცული კანონისა და სახელმწიფოს მიერ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.