მთავარმა პროკურატურამ ე.წ. კაბელების საქმის ფინანსური ნაწილის შესწავლა აუდიტის სამსახურს სთხოვა

მთავარმა პროკურატურამ ე.წ. კაბელების საქმის ფინანსური ნაწილის შესწავლა აუდიტის სამსახურს სთხოვა

საქართველოს მთავარი პროკურატურის თხოვნით, თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებთან დაკავშირებული ე.წ. კაბელების საქმის ფინანსურ ნაწილს აუდიტის სამსახური სწავლობს.

როგორც ჟურნალისტებს გენერალურმა აუდიტორმა,  ლაშა თორდიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განუცხადა, უწყებამ აუდიტის სამსახურს ე.წ. კაბელებთან დაკავშირებული საქმის მასალები 2014 წლის დეკემბერში გადაუგზავნა. თორდიას თქმით, გახმაურებული საქმის ფინანსური ნაწილის შემოწმება უკვე დაწყებულია და მასზე მუშაობა უახლოეს პერიოდში დასრულდება.

"თავდაცვის სამინისტროს შემოწმება უკვე დამთავრებული უნდა გვქონდეს, თუმცა ამ ვადამ გადაიწია იმის გამო, რომ პროკურატურამ გადმოგვიგზავნა ე.წ. კაბელებთან დაკავშირებული გახმაურებული საქმის მასალები, რომ ჩვენ მოგვეხდინა ფინანსური ნაწილის შესწავლა. ჩვენი აუდიტორების ჯგუფი ამ საკითხს უკვე სწავლობს და მუშაობა სრულდება", - განაცხადა თორდიამ.

მისივე განმარტებით, ე.წ. კაბელებთან დაკავშირებული შესყიდვა აუდიტის სამსახურს შესწავლილი არ ჰქონდა, ვინაიდან იმ პერიოდში, როდესაც უწყებაში აუდიტორები მუშაობდნენ,  ამ საქმესთან დაკავშირებული მასალები  პროკურატურას ჰქონდა ამოღებული.