დაზარალებული ბიზნესმენების ნაწილმა ქონება დაიბრუნა

დაზარალებული ბიზნესმენების ნაწილმა ქონება დაიბრუნა

წინა ხელისუფლების დროს დაზარალებული ბიზნესმენებისთვის ქონების დაბრუნების პროცესი გრძელდება.

„ნიბა ინვესტის" დამფუძნებელი ბაკურ კიღურაძე, რომელიც ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლდა „კომერსანტთან" ამბობს, რომ რამდენიმე დღის წინ მათ კომპანიას თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე საოფისე ფართი დაუბრუნეს.

კიღურაძის განცხადებით,  წინა ხელისუფლების დროს ქონება შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის აქტიურობით ჩამოართვეს და შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე გადაიტანეს.

კიღურაძე ამბობს, რომ 1600 კვადარტზე განთავსებული შენობის ნაწილში სტოლატოლოგიური კლინიკა განთავსდა, ნაწილი კი საოფისე ფართებია, სადაც ხალხი უკვე დასაქმდა.

ბიზნესმენის განცხადებით, ჩამორთმეული ქონებების დაბრუნება ბიზნესის განვითარებისთვის კარგია, რადგან ბიზნესმენები სხვადასხვა პროექტებს დაგეგმავენ და გააქტიურდებიან.

კუს ტბისა და სასტუმრო „აფხაზეთის" ყოფილი მფლობელი ბესიკ ხარძიანი აცხადებს, რომ კუს ტბის დაბრუნებასთან დაკავშირებით პირველ ინსტანციაში საქმე მის სასარგებლოდ გადაწყდა და ახლა სააპელაციო განხილვებია.

ხარძიანის თქმითვე, დაახლოებით ერთი თვის წინ სასამართლომ სასტუმრო „აფხაზეთთან" დაკავშირებითაც მისი სასარგებლო გადაწყვეტილება გამოიტანა.

კერძოდ ბიზნესმენი ამბობს, რომ წინა ხელისუფლების დროს ქონება იძულებით დაათმობინეს და ფინანსური პოლიციის მეშვეობით ქონების გადაფორმება ერთ-ერთ ნოტარიუსთან მოხდა.

მისი თქმით, სასამართლომ აღნიშნული ხელშეკრულება ბათილად ცნო, თუმცა იქიდან გამომდინარე რომ სასტუმრო „აფხაზეთის" ტერიტორია  მოგვიანებით „ვისოლ ჯგუფზე" გასხვისდა, ხარძიანი ქონების სანაცვლოდ კომპენსაციას ან ალტერნატიულ ქონებას ელოდება.

ბიზნესმენი ამბობს, რომ ჯერჯერობით ფინანსთა სამინისტროსთან საკითხთან დაკავშირებით კომუნიკაცია არ ჰქონიათ რადგან პროკურატურაში სამართლიანობის აღდგენის კუთხით შექმნილი დეპარტამენტუს პრეზენტაციას ელოდებოდნენ. 

ბიზნესი იმედს გამოთქვამს რომ ქონების უკანონოდ ჩამორთმევის სხვა შემთხვევებშიც სამართლიანობა აღდგება, რადგან ამ მიმართულებით მთავრობამ მუშაობა გაააქტიურა.

პროკურატურაში გუშინ ახალი დეპარტამენტის შექმნა, რომელმაც 2012 წლის ოქტომბრამდე საჯარო მოხელეთა მიერ ჩადენილი დანაშაულები უნდა გამოძიოს, ხელისუფლების წარმომადგენლები სამართლიანობის აღდგენის აქტად აფასებენ.

ირაკლი ნადარეიშვილმა, რომელიც ამ დეპარტამენტს უხელმძღვანელებს,  განაცხადა, რომ დეპარტამენტი პირველ რიგში ორიენტირებული იქნება 2012 წლის 1 ოქტომბრამდე საჯარო მოხელეთა მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიებაზე.

კერძოდ, დეპარტამენტი გამოიძიებს ძალადობის ფაქტებს (რაც წამების და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტებსაც მოიცავს), ქონების უკანონოდ ჩამორთმევის ფაქტებს და ა.შ.

მისი განცხადებით, 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2015 წლის 1 იანვრამდე მთავარ პროკურატურაში 52 530 საჩივარ-განცხადება შევიდა. მათ შორის 10 379 განცხადება - გამოძიების დაწყების მოთხოვნით.

თუმცა ამ განცხადებებს შორის დეპარტამენტი მხოლოდ სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომელთა, სამართალდამცავთა მიერ ჩადენილ დანაშაულებებს და ქონების ჩამორთმევის ფაქტებს შეისწავლის. ეს, ჯამში, 4 192 განცხადებაა.

"697 საჩივარ- განცხადებაში ქონების ჩამორთმევის ფაქტზე მოითხოვდნენ დაზარალებულები გამოძიების დაწყებას. სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომელთა, სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი დანაშაულების დანაშეულებრივი გარემოებების ფაქტებს აღწერდნენ და მიუთითებდნენ 3 495 საჩივარ-განცხადებაში,"- ამბობს დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

ნადარეიშვილის თქმით, ყველა სხვა კატეგორიის დანაშაულზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით შემოსულია 6 187 საჩივარ-განცხადება, რაც მიმდინარე სამართლებრივ საკითხებს ეხება, როგორიც არის ქურდობა, თაღლითობა და ა.შ.