ქსელურ სუპერმაკეტებში საკვები პროდუქტები კიდევ გაძვირდა

ქსელურ სუპერმაკეტებში საკვები პროდუქტები კიდევ გაძვირდა

დიდ ქსელურ სუპერმაკეტებში საკვები პროდუქტები ისევ გაძვირდა. როგორც სავაჭრო მარკეტებში აცხადებენ, ფასი სარეცხ და ჰიგიენურ საშუალებებზეც გაიზარდა.

„ორი ნაბიჯის" დამფუძნებელი გიორგი ჩხაიძე აცხადებს, რომ ფასები 4 თვის განმავლობაში დაახლოებით 3 პროცენტით არის გაზრდილი, თუმცა გასულ კვირას ლარის მკვეთრი გაუფასურების გამო, ფასების 5-10 პროცენტიანი ზრდა დაახლოებით ერთ კვირაში ისევ არის მოსალოდნელი. 

ჩხაიძის განცხადებით, კომპანიამ ფასების ზრდასთან დაკავშირებით იმპორტიორებისგან მიიღო შეტყობინება. ამის გამო ხელახალი კალკულაცია მიმდინარეობს და ახალი ფასები „ორ ნაბიჯში" დაახლოებით ერთ კვირაში იქნება. 

მისი თქმით, „ორ ნაბიჯში" პირველადი მოხმარების პროდუქციას აქციის ფარგლებში ფასდაკლებით ყიდიან, რასაც მოგების მარჟის შემცირებით ახერხებენ. „ იმპორტირებისგან გაზრდილს ფასს, ნაწილობრივ მომხმარებელი იხდის, ნაწილობრივ კომპანია"-აცხადებს ჩხაიძე. 

სუპარმარკეტ „კარფურში" აცხადებენ, რომ „კარფური" ინარჩუნებს კონკურენტულ ფასს ბაზარზე და მათთან კვლავ ყველაზე დაბალი ფასებია, თუმცა არის პროდუქციის რამდენიმე სახეობა რაზეც მოხდა ფასის ზრდა. 

მათი ინფორმაციით, მიმდინარეობს მუშაობა მომწოდებლებთან, რათა ლარის გაუფასურება პროდუქტის გაძვირებაზე რაც შეიძლება ნაკლებად აისახოს. 

„კარფურში" აცხადებენ, რომ ფასების მომავალი ზრდა პირდაპირ კავშირშია იმასთან, თუ ლარის კურსი რა დონეზე დარეგულირდება. „კარფურის სლოგანია „ყოველთვის დაბალი ფასები" ჩვენ ამ ტენდენციას ვინარჩუნებთ და ვცდილობთ, რაც შეიძლება ნაკლებად აისახოს ეს ცვლილება ჩვენს მომხმარებელზე"-აცხადებენ „კარფურში". 

მათივე განცხადებით, ლარის გაუფასურების გამო „კარფურში" გაყიდვები არ შემცირებულა, პირიქით, ზრდაც ფიქსირდება. 

შპს „ფურშეტ ჯორჯიაში" აცხადებენ, რომ ლარის კურსის ცვლილება მათ ქსელშიც, ძირითადად იმპორტირებულ პროდუქციას შეეხო, რადგან მომწოდებლებმა გარკვეული პროდუქციის ფასი გააძვირეს. ფასმა მცირედით მოიმატა ისეთ პროდუქტებზე, როგორიც არის მაგალითად ყავა, შოკოლადი და ა.შ. 

"ჩვენი მომხმარებელი გაგებით ეკიდება ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს, ბუნებრივია როდესაც ხდება დოლარის კურსის ცვლილება ეს შედეგი იმპორტირებულ პროდუქციაზეც იქონიებს გავლენას", - აცხადებენ "ფურშეტ ჯორჯიაში'.

რაც შეეხება გაყიდვებსა და მომხმარებლის აქტივობას, "ფურშეტში" აცხადებენ, რომ ქსელში მათი რაოდენობა არ შემცირებულა.