დავით უსუფაშვილი და თედო ჯაფარიძე ამერიკელ სენატორებს შეხვდნენ

დავით უსუფაშვილი და თედო ჯაფარიძე ამერიკელ სენატორებს შეხვდნენ

პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, თედო ჯაფარიძემ აშშ-ში ვიზიტის პროგრამით გათვალისწინებული მორიგი შეხვედრები სენატორ, ტომ კოტონთან და სენატის შიდა უსაფრთხოებისა და მთავრობის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, სენატორ, რონ ჯონსონთან გამართეს.

შეხვედრებზე მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე და სამომავლო პერსპექტივებზე, საქართველოში და უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე, ეკონომიკურ თანამშრომლობასა და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაზე.

პარლამენტის თავმჯდომარემ შეხვედრების დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა: „ჩვენ საქართველოს საქმეებზე ვსაუბრობთ ყველასთან. სენატორ რონ ჯონსონთანაც საქართველოზე და უკრაინაზე ვსაუბროდით. ის მოსმენა, რომელიც ამ წუთებში დამთავრდა, სწორედ ბატონ ჯონსონს მიჰყვდა და ჩვენ გავაგრძელეთ საუბარი რეგიონში შექმნილ ვითარებაზე. მივიღეთ ძალიან მკაფიო გზავნილი იმის თაობაზე, რომ იგი პირადად ყველაფერს გააკეთებს, რათა აშშ-ი იყოს საქართველოს გვერდით ყველა თვალსაზრისით, როდესაც ჩვენ გვჭირდება ჩვენი მეგობრების გვერდში ყოფნა. ასევე, ძალიან საინტერსო საუბარი გვქონდა იმის თაობაზე, თუ რა ტაქტიკა და რა სტარატეგია იქნება სწორი იმისთვის, რომ უკრაინაში, საქართველოში მოვლენები განვითარდეს უკეთესი მიმართულებით და არა უარესი მიმართულებით.

ჩვენ ვისაუბრეთ ევროპელ კოლეგებთან ძალიან მჭიდრო ურთიერთობების აუცილებლობაზე. მიუხედავად იმისა, რომ ცალკეულ საკითხებში გარკვეული აზრთა სხვადსხვაობა შეინიშნება, უნდა იქნეს მიღწეული კონსენსუსი და სოლიდარობა ევროპელი მეგობრების და ამერიკელი მეგობრების, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. პუტინს არ უნდა მიეცეს საშუალება, რომ რაიმე აზრთა სხვადასხვაობა გადაწყვეტილებების სხვადასხვაობაში გადაიზარდოს. მე აქედან საქართველოში დავრუნდები უფრო იმედიანი, ვინაიდან ჩვენი პრობლემები ძალიან კარგად ესმით აქ.

ჩვენ ვსუბრობდით დახმარების გამრავალფეროვნებაზეც, კერძოდ, ეკონომიკური მიმართულებით. ძალიან საინტერესო პროცესია, რომელსაც წინ ვერ გავუსწრებ ჯერ, მაგრამ რამდენიმე თვეში შესაძლოა ახალი პერსპექტივები გაჩნდეს ამ თვალსაზრისით და ის უცხოური ინვესტიციები, რომელიც ქართულ ეკონომიკას ესედონ სჭირდება ამერიკის შეერთებული შტატებიდანაც, უფრო ინტენსიურად წამოვიდეს. ჩვენ ვისაუბრეთ დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების აუცილებლობაზე, იმიტომ, რომ ქვეყნები უნდა იყვნენ ძლიერები, რათა შეძლონ იმ პრობლემებთან გამკლავება, რაც რუსეთიდან მოდის", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ აგრეთვე აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობიდან გამომდინარე, ვერც საქართველოში და ვერც აშშ-ში ჩატარებული თუ გასამართი სხვადასხვა დონის არჩევნები უარყოფითად ვერ იმოქმედებს ქვეყნებს შორის ურთიერთობებზე.

„ჩვენ ვსაუბრობთ ქვეყნებს შორის სტრატეგიულ პარტნიორობაზე და თანამშრომლობაზე. ისევე როგორც საქართველოში ხელისუფლების ცვლილებამ არ მოახდინა გავლენა საქართველოს დამოკიდებულებაზე აშშ-ს მიმართ და აქ იმიტომ ვარ, რომ გავაგრძელოთ და გავაღრმავოთ ეს ურთიერთობა, ზუსტად იმავეს ველით აშშ-ში. ახლა კონგრესში შეიცვალა ძალთა ბალანსი. აშშ-ს პოლიტიკურ ცხოვრებაში მომდევნო ეტაპი ეს არის ახალი საპრეზიდენტო არჩევენები, მაგრამ ეს ჩვენი საქმე არ არის, ეს არის ამერიკელი ხალხის საქმე. ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩვენ გვაქვს თანაბრად სათანამშრომლო ურთიერთობა რესპულიკურ პარტიასთანაც და დემოკრატიულ პარტიასთანაც. ეს ისინი განსხვავდებიან ერთმანეთისგან მიდგომებით. ჩვენ მათ არ განვასხვავებთ, როგორც მეგობარი, სტრატეგიული ქვეყნის პოლიტიკურ ძალებს და ამის მიხედვით არ ვცვლით პოზიციებს. ასე, რომ ჩვენ აქ იმიტომ ვართ, რომ ვესაუბროთ ყველას, ვინც დღეს არის ხელისუფლებაში, ხვალ იქნება, ზეგ იქნება და ეს განგრძობადობა ურთიერთობის არის სრულიად აუცილებელი", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.