რუსეთსა და აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობას შორის გაფორმებული თანამშრომლობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ე.წ ხელშეკრულება ძალაში შევიდა. ამის შესახებ "რია ნოვოსტი" აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს.
გავრცელებული ცნობით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ცერემონიალი გაიმართა, რა დროსაც მხარეებმა რატიფიცირებული დოკუმენტები გაცვალეს. შედეგად ე.წ შეთანხმება ამოქმედდა. აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის მხრიდან ცერემონიალს დაესწრო რუსეთში აფხაზეთის ე.წ ელჩი იგორ ახბა, რუსეთის მხრიდან კი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, გრიგორი კარასინი. თანამშრომლობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ე.წ დოკუმენტს რუსეთის პრეზიდენტმა და აფხაზეთის დე ფაქტო მმართველმა გასული წლის 24 ნოემბერს მოაწერეს ხელი. 22 დეკემბერს აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა მისი რატიფიცირება მოახდინა. რუსეთის დუმამ მის რატიფიცირებას 2015 წლის 23 იანვარს დაუჭირა მხარი, ხოლო ფედერაციულმა საბჭომ 28 იანვარს. ე.წ შეთანხმება რუსეთსა და აფხაზეთს შორის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საერთო სივრცის შექმნას ითვალისწინებს.