საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, სადაც მან ეკონომიკური ბლოკის მინისტრებისგან 2015 წლის ბიუჯეტის ორი თვის შესრულების შესახებ ინფორმაცია მოისმინა, განაცხადა, რომ მინისტრებს შეუსრულებელ სამუშაოებზე მოუწევთ პასუხისმგებლობის აღება.
„მინისტრებს მოგიწოდებთ გააქტიურებისკენ კიდევ ერთხელ და შეგახსენებთ, რომ მოგიწევთ პასუხისმგებლობის აღება შეუსრულებელ სამუშაოებზე იმიტომ, რომ ჩვენ მაქსიმალურად დაჩქარებული ტემპებით უნდა შევასრულოთ ყველა დაწყებული პროექტი, რომელიც გაწერილია ბიუჯეტის მიხედვით. ასე რომ, ეს იქნება გამგებელი თუ საკრებულოს თავმჯდომარე, ჩვენ აუცილებლად დავაყენებთ მისი პასუხისმგებლობის საკითხს. ეს გეხებათ თქვენ - მინისტრებსაც, რომ მაქსიმალურად გააკონტროლოთ თქვენს სამინისტროებში მიმდინარე სამუშაოები და მათი განრიგი. ზოგადად, რაც მე მესმის, ეს არის ის, რომ გამგებლებსა და არჩეულ მერებს გაუჩნდათ განცდა, რომ ისინი არიან ხელშეუხებლები. მინდა, მათ ვუთხრა, რომ ძალიან ცდებიან იმიტომ, რომ მათ აიღეს პასუხისმგებლობა ჩვენი პოლიტიკური ძალის მიმართ და ხალხის მიმართ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, ვერავინ გაექცევა პასუხისმგებლობას, თუ ისინი არაეფექტურები არიან და დაკისრებულ მოვალეობას ვერ ასრულებენ.
„აუცილებლად მოხდება მათი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება. მე მინდა, ყველამ გაითვალისწინოთ ეს - მინისტრებმა, მერებმა, გამგებლებმა, რომ ჩვენ არ ვაპირებთ, ვინმეს არაეფექტურობა ყურადღების მიღმა დარჩეს", - განაცხადა ღარიბაშვილმა.